ახალი ამბები

კონტროლის პალატას ახსნა–განმარტებას ოზურგეთშიც აძლევენ

14 მარტი, 2012 •
კონტროლის პალატას ახსნა–განმარტებას ოზურგეთშიც აძლევენ

“რესპუბლიკური პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ტიფო მიქატაძის განცხადებით,  ოზურგეთში კონტროლის პალატამ  კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების დაკითხვა დღეს, 14 მარტს, თორმეტ საათზე დაიწყო.

მისი თქმით, დაკითხვაზე 10 ადამიანია დაბარებული. დაკითხვა კი ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს.

“ჯერჯერობით ერთი ადამიანი გამოვიდა. დაკითხვაზე დაბარებულები არიან ძირითადად აქტივისტები, ანუ მხარდამჭერები,” – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან”  მიქატაძე.

მისი თქმით, მათი დაბარების მოტივი რესპუბლიკური პარტიის მიერ დეკემბრის თვეში კარდაკარის პრინციპით ჩატარებული გამოკითხვაა.

“ჩვენმა პარტიამ “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად დეკემბრის თვეში კარდაკარის პრინციპით ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა აღრიცხვის კამპანია აწარმოა. დღეს, ვინც იყვნენ ჩართულები ამ საქმეში, კონტროლის პალატამ ახსნა–განმარტებისთვის დაიბარა.
მათ აინტერესებთ ფინანსური ურთიერთობა პარტიასა და მის მხარდამჭერებს, აქტივისტებს შორის,” – აღნიშნავს მიქატაძე.

შეგახსენებთ, უკვე მეოთხე დღეა, რაც კონტროლის პალატის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” აქტივისტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში კითხავენ. დაკითხვა გამგეობებისა და მუნიციპალიტეტის შენობებში მიმდინარეობს. პარალელურად გამგეობის შენობებთან მობილიზებულია პოლიცია, რომლებიც დასაკითხავ ოთახში არავის უშვებენ.

უწყება, რომელიც “ქართული ოცნების” აქტივისტებს დაურიგდათ და ურიგდებათ დაკითხვაზე დაბარების შესატყობინებლად, ერთი შინარსისაა და მასში შემდეგია აღნიშნული:

“საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინასური მონიტორინგის სამსახურში პოლიტიკური  სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა–განმარტების მისაცემად.”

მასალების გადაბეჭდვის წესი