ახალი ამბები

ფეისბუკის მომხმარებლის მუქარისშემცველ პოსტზე სუს-მა გამოძიება დაიწყო

29 ივლისი, 2016 • 1388
ფეისბუკის მომხმარებლის მუქარისშემცველ პოსტზე სუს-მა გამოძიება დაიწყო

ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ წუხელ მუქარისშემცველი პოსტი გამოქვეყნდა – მან აფეთქებით გამოწვეული სოკოსებრი ღრუბლის ფოტო ატვირთა და მიუთითა, რომ თბილისში დღეს 12:30 საათზე ფოიერვერკი იქნებოდა.

ნეტგაზეთი ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. უსაფრთხოების სამსახურში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას სუს-ი მოგვიანებით გაგვაცნობს.

მუქარისშემცველი პოსტის ავტორს სოციალურ ქსელში მხოლოდ თარხან ბათირაშვილის ფოტოები აქვს ატვირთული. პენტაგონმა 2016 წლის 15 მარტს ოფიციალურად განცხადა, რომ ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) ერთ-ერთი მეთაური, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი მოკლეს. აშშ-ის თვითმფრინავებმა ის ერაყის ქალაქ მოსულის სამხრეთით ამოიღეს მიზანში. ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” ივლისში დაადასტურა.

ალ-შიშანი დიდი ხანია, რაც “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო მეთაურად ითვლება. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების წევრი იყო და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა. საქართველოში სამხედრო სამსახურის შემდეგ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა. 2013 წლიდან ალ-შიშანის ექსტრემისტული დაჯგუფება ჩრდილოეთ სირიაში ISIS-ის მოქმედ ძალებს მეთაურობდა. 2014 წლის სექტემბერში აშშ-მა აბუ ომარ ალ-შიშანი “შავ სიაში” შეიყვანა, ხოლო 2015 წლის მაისში მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. სიენენის ცნობით, იგი მართავდა ციხეს ქალაქ რაყაში, სადაც უცხოელ მძევლებს აკავებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი