რესპუბლიკური პარტიის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წევრი, მუბარიზ მამედოვი, საგარეჯოს რაიონის გამგეობაში სამსაათიან დაკითხვაზე იმყოფებოდა.
“კონტროლის პალატამ საგარეჯოს გამგეობაში გუშინ დამიბარა. შეკითხვები, ძირითადად, ასეთი იყო. “თქვენ ოპოზიციაში ხართ?” – კი, ვარ– მეთქი. “სოფელში ბიძინა ივანიშვილი ხელმოწერების შეგროვებაზე დადიოდით?” – კი, დავდიოდი– მეთქი. ფულს გიხდიდინენ? -მეთქი, არა, ჩემი ფულით დავდიოდი. “რატომო?”- რა თქვანი საქმეა– მეთქი?
მერე ერთ-ერთმა მითხრა, სხვა პრეზიდენტი რომ მოვა, იტყვის, საქართველოდან თათრები უნდა წავიდნენო. მე გავბრაზდი, არ გრცხვენიათ, თანამდებობის პირი ხართ და ასეთ რაღაცეებს როგორ ამბობ– მეთქი? მე აზერბაიჯანელი ვარ, საქართველოს მოქალაქე და აქედან წამსვლელი სადმე არ ვარ, გინდა ბატონი მიშა იყოს პრეზინდეტი, გინდ სხვა, მე აქ ვარ დაბადებული და მოვკვდები– მეთქი.
მოკლედ, იყო ერთი ჩხუბი და დავა ჩვენ შორის. შემდეგ ჩემს დაშინებას ცდილობდნენ, მითხრეს, შენ წახვალ ციხეში და შენი შვილები უპატრონოდ დარჩებიან, შენ კი ციხეში მოგკლავენო. ხელი მოგვიწერე ოქმზეო. ვუთხარი, რომ არ მოვაწერდი ხელს. ოქმი მომეცით, ჩემს ადვოკატს ვაჩვენებ– მეთქი. არა, არ ვატანთ ოქმებსო. მაშინ მე აღარ ვაპირებ– მეთქი კამათს. საბოლოოდ, ოქმს არ მოვაწერე მაინც,”-აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში მუბარიზ მამედოვი.
მუბარიზ მამედოვი ამბობს, რომ დაკითხვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ერთ-ერთს, ვინც დაკითხვაში იღებდა მონაწილეობას, მამედოვის თქმით, ემზარი ერქვა.
“მეორე ახალგაზრდა ბიჭი იყო. გარეთ კი ძალიან ბევრი პოლიციელი იდგა,”- ამბობს მამედოვი.