ახალი ამბები

გიორგი პაპუაშვილი: მთავარ პროკურორთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა

28 ივლისი, 2016 • 1418
გიორგი პაპუაშვილი: მთავარ პროკურორთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დღეს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა:

“საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მთავარ პროკურორთან, ბატონ ირაკლი შოთაძესთან. ვფიქრობ, რომ ღიად ვილაპარაკეთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით – როგორც გამოძიებასთან, ისევე იმ საკითხებთან, რატომ იყო დაკავშირებული ჩვენი ეჭვი და კითხვის ნიშნები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მისგან იყო საკმაოდ კონსტრუქციული მიდგომა, რომ ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. მეორე ის, რომ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით  თუკი რომელიმე მოსამართლემ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას საშიშროება არ იქნება მისი ოჯახის წევრზე ან ახლობლებზე, რომ ამაზე ვიღაცამ შური იძიოს. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ალბათ პირადად გვექნება კონტაქტი და იმედია, რომ ასეთი რამე არ მოხდება, მაგრამ ეს შიში რომ გაქარწყლდეს. მესამე, რა თქმა უნდა, წავაყენეთ ის პრეტენზიები რაც ჩვენ გვქონდა, როდესაც ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, როდესაც ზეწოლის ფაქტებზე იყო ვახტანგ გომელაურისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, მთავარ პროკურორ ბატონ გიორგი ბადაშვილს, ასევე აჭარის პროკურატურისთვის მიწერილ წერილებზე არავითარი რეაგირება არ ყოფილა.

ამაზე შოთაძემ მიპასუხა, რომ უშუალოდ თვითონ არ იყო მაშინ მთავარი პროკურორი, ამიტომ საკითხში გაერკვევა და მისი მიდგომა არის თანამშრომლობისკენ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამ ერთი შეხვედრით. მომავალში გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმისკენ, რომ როგორც პატივისცემა იყოს ჩვენი ინსტიტუციის საქმე”, – განაცხადა პაპუაშვილმა 28 ივლისს, საღამოს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

“გამოკითხვა თუ საჭირო იქნება, ჩვენ შევთანხმდებით ამასთან დაკავშირებით. მთავარია, სწორად წარიმართოს პროცესები, არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. ეს არის არა მარტო ჩვენს ინტერესებში, არამედ, ყოველ შემთხვევაში, როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ეს არის პროკურატურის ინტერესიც”, – ამბობს პაპუაშვილი და დასძენს: “გარკვეული ინფორმაცია მივაწოდე არა გამოკითხვის რეჟიმში, არამედ როგორც ინფორმაცია, რომელიც სხვა ფაქტებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს გამოძიებული. მათ შორის ერთ-ერთი კერძო ბიზნესთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი მოსამართლის ოჯახის წევრთან არის დაკავშირებული. შევხედავთ, გამოძიება როგორც წარიმართება”.

2016 წლსი 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ზეწოლის შესახებ პაპუაშვილისა და მარგველაშვილის განცხადებებზე პროკურატურამ გამოძიება 26 ივლისს დაიწყო. გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში 27 ივლისს, 13:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იქ არ გამოცხადდა. პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებდა. პაპუაშვილი 27 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი