ახალი ამბები

რა განმარტებები მოსთხოვეს “ქართული ოცნების” აქტივისტებს აჭარაში

13 მარტი, 2012 •
რა განმარტებები მოსთხოვეს “ქართული ოცნების” აქტივისტებს აჭარაში

“ქართული ოცნების” აქტივისტებმა ახსნა-განმარტებები კონტროლის პალატას დღეს ბათუმსა და ხელვაჩაურშიც მისცეს. ხუთი ადამიანი ხელვაჩაურის გამგეობაში დაიბარეს, ერთი კი ბათუმში – იუსტიციის სახლში. შესაბამისი უწყებები მათ კვირას, 11 მარტს მიიღეს.

“უწყება მომივიდა კვირას, გამგეობის შენობაში მიბარებდნენ. იქ დამხვდა კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც მამუკა ხორგუანის სახელით გამეცნო”,  – აცხადებს კობა ბექტაშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან.

მისივე თქმით, კონტროლის პალატის წარმომადგენელმა კითხვები  პოლიტიკური აქტივობის და ფინანსური შემოსავლების ირგვლივ დაუსვა:

“ძირითადად აინტერესებდათ, სად ვმუშაობდი, რამდენი მქონდა შემოსავალი და რა კავშირი მქონდა ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებასთან”.

კობა ბექტაშვილი ამბობს, რომ მან კონტროლის პალატას ახსნა-განმარტება წერილობით ჩააბარა: “მითხრეს, ასეა საჭიროო და მეც დავწერე. არაფერი მაქვს დასამალი. დეკემბრის თვეში ვმუშაობდი ხელმოწერებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას შეეხება. ამ სამუშაოსთვის კი ხელშეკრულების საფუძველზე გადამიხადეს. ერთი ხელმოწერა ღირდა 50 თეთრი, მე ბევრი არ შემიგროვებია, ამიტომ 80 ლარი გადამიხადეს”.

კობა ბექტაშვილი სუპერმარკეტ “ქართულ ქსელში” მუშაობს. კონტროლის პალატამ გამგეობის შენობაში ასმათ ცინცაძეც დაიბარა. იგი პედაგოგია და როგორც თვითონ ამბობს, დიდი ხანია, რაც “რესპუბლიკური პარტიის” წევრია.

“მეც იგივე კითხვები დამისვეს, რაც სხვებს. აინტერესებდათ შემოსავლები. მეკითხებოდნენ, რაიმე თანხები თუ მერიცხება ივანიშვილისგან. ის დავწერე, რაც არის. ხელმოწერების შეგროვების თანხა ავიღე 100 ლარი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკის მეშვეობით მივიღე”.

“თავისუფალი დემოკრატების” აჭარის რეგიონულიი ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა ჩხეიძე ამბობს, რომ კონტროლის პალატაში ხვალისთვის “თავისუფალი დემოკრატების” რვა წევრიცაა დაბარებული.

კონტროლის პალატამ გუშინდელი მონაცემებით 10 ადამიანი ქობულეთშიც დაკითხა.

რამდენად კანონიერად ახორციელებს კონტროლის პალატა მოქალაქეების დაკითხვას? ამ კითხვაზე განმარტებას საიას ბათუმის ფილიალის იურისტი მაია ქათამაძე აკეთებს:

“საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ცვლილებების მიხედვით, კონტროლის პალატას აქვს უფლება, პირისგან (პირები კანონში არ არის დაკონკრეტებული, ფიზიკურია თუ იურიდიული) მოითხოვოს ინფორმაცია მისი ქონების წარმომავლობის შესახებ. რა ფორმით ახორციელებს ამას, არც ეს არ არის დაკონკრეტებული. თუმცა ინფორმაციის გამოთხოვის უფლება აქვს, როგორც კონკრეტული პირისგან, ასევე, ბანკებისგან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი