ახალი ამბები

საარჩევნო პროცესს საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დააკვირდება

28 ივლისი, 2016 • 1518
საარჩევნო პროცესს საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დააკვირდება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 14 გრძელვადიანი დამკვირვებელი ევროპიდან და აშშ-დან საქართველოში ჩამოვიდა.

IRI-ის საქართველოს მისიის ხელმღძვანელის, ანდრეა ქერბსის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობამ მოიწვია, რათა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დაკვირვებოდა. “ჩვენ ამას ორ ნაწილად განვახორციელებთ — გვეყოლება 14 გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოს რეგიონებში. ისინი იქ იცხოვრებენ, შეხვდებიან კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საარჩევნო კამპანიას დაესწრებიან”, – ამბობს ანდრეა ქერბსი.

“რესპუბლიკური ინსტიტუტის” საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თქმით, IRI-ის ექნება ორი შუალედური ანგარიში სექტემბერსა და ოქტომბერში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. არჩევნების დღეს კი საქართველოში არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიით დამატებით 30 ადამიანი ჩამოვა.

იმ შემთხვევაში, თუ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება მეორე ტური, ორგანიზაციის დამკვირვებლები შეასრულებენ მათზე დაკისრებულ სადამკვირვებლო მოვალეობას მეორე ტურის დასრულებამდე. ისინი საქართველოში 27 ივლისს ჩამოვიდნენ, რეგიონებში შაბათს, 30 ივლისს გაემგზავრებიან და საქმიანობას ორშაბათიდან, 1 აგვისტოდან დაიწყებენ. ისინი საარჩევნო გარემოსა და პროცესს დააკვირდებიან საქართველოს ქალაქებში: ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, მარნეულში, თელავსა და თბილისში.

IRI-ის დამკვირვებლები ორი დღის განმავლობაში შეხვდებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სხვათა წარმომადგენლებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დამკვირვებლებს შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიაც.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან დამკვირვებლებს აინტერესებთ მიმდინარე საარჩევნო პროცესები — ინფორმაცია პარტიების რეგისტრაციის, ასევე სხვა საარაჩევნო ღონისძიებების შესახებ. მათ აინტერესებთ საარჩევნო ადმინისტრაცია, ფუნქციები, ოლქები საზღვრების დელიმიტაციის ჭრილში და ა.შ”, – თქვა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად ამ ეტაპზე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და 27 ადგილობრივი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. “ველოდებით უფრო მეტს”, – ამბობს თამარ ჟვანია და დასძენს, რომ არჩევნებზე, საერთო ჯამში, რამდენიმე ათასი ადგილობრივი დამკვირვებელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი