ახალი ამბები

კალაძე მის მიერ გაკეთებულ სექსისტურ შეფასებაზე: ვაღიარებ დანაშაულს

28 ივლისი, 2016 • 1738
კალაძე მის მიერ გაკეთებულ სექსისტურ შეფასებაზე: ვაღიარებ დანაშაულს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ გაკეთებულ სექსისტური შინაარსის შეფასებას განმარტავს და აცხადებს, რომ მან ფრაზა ქალების ჭორაობაზე გაბრაზებულმა, უნებლიედ თქვა:

“ვაპირებდი რეგიონებიდან თბილისში დაბრუნებისთანავე გამეკეთებინა განმარტება ჩემს უნებურ, მექანიკურ ფრაზაზე ქალბატონების ჭორაობის შესახებ, რომელიც ცილისწამებაზე კომენტირებისას ვთქვი… მე ჯერაც გაბრაზებული და გაკვირვებული ვარ, იმ არაკორექტული და მიკერძოებული განცხადების გამო, პლუს გაბრაზებული და გულდაწყვეტილი, რომ წამომცდა ის რასაც არც ვფიქრობ, არც განვიცდი და არ არის ჩემი მსოფლმხედველობის ნაწილი.

გულწრფელად გეტყვით, იმდენად გამჯდარია მეტყველებაში ფრაზა-ქალები ჭორაობენ, რომ, სხვა რამეზე კონცენტრირებულს წამომცდა. ვაღიარებ დანაშაულს!

ყოველთვის ქალების, გენდერული თანასწორობის დამცველი ვიყავი, ნეტავი სხვა რეალური პრობლემები არ იყოს ჩვენს ქვეყანაში ქალებთან დაკავშირებით და მხოლოდ პოლიტიკოსების და საჯარო პირების არაკორექტულად ან უნებურად ნათქვამი ხდებოდეს მსჯელობის ან კრიტიკის საგანი! იმედია ეს დროც მალე მოვა. მე არც აქამდე ვაკლებდი ქალების უფლებების დაცვას ძალისხმევას არც მომავალში ვიქნები პასიური ამ თემასთან მიმართებაში!” – ამბობს კალაძე ფეისბუკ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სექსისტური შეფასება გამოიყენა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, ხოლო ჭორიკნობის კონტექტსში კალაძემ ქალები გაიხსენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი