აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არც საქართველო და, საბედნიეროდ, არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს.
აღნიშნულის შესახებ დღეს, 12 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პოზიცია ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია.
“ეს არის მცდელობა, რომ დაკანონდეს წლების უკან განხორციელებული ეთნიკური წმენდა და ასი ათასობით დევნილს საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა საბოლოოდ მოესპოს”, – განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, 10 მარტის ეგრეთ წოდებულმა არჩევნებმა დე ფაქტო რესპუბლიკაში 35 საარჩევნო ოლქიდან მხოლოდ 13 საარჩევნო ოლქში გამოავლინა გამარჯვებული.
აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები განმეორებით 24 მარტს ჩატარდება.
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში 35 ადგილის მოსაპოვებლად არჩევნებში მონაწილეობას სულ 148 კანდიდატი იღებდა. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 44% იყო, რაც საკმარისია, რადგან აფხაზური კანონით, არჩევნები რომ ჩატარებულად ჩაითვალოს, აქტოვობა 25% მაინც უნდა იყოს.
ხმის მიცემის მეორე ტური აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში 22 საარჩევნო ოლქში გაიმართება. არჩევნების პირველ ტურში მონაწილე 148 კანდიდატიდან 114 მათგანი მოქალაქეთა საინიციატოვო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი, დანარჩენები კი – პარტიების.
დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობენ: სახელისუფლებო პარტია ”ერთიანი აფხაზეთი,” ოპოზიციური ”აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი,” ასევე ”კომუნისტური” და ”ეკონომიკური განვითარების” პარტიები.
ორი სომეხი კანდიდატი (კოსიანი და რობერტ იალიანი) კი აფხაზეთის ე.წ პარლამენტის წევრები გახდნენ.
აფხაზურ არჩევნებს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები სხვა არაღიარებული რესპუბლიკებიდან, მათ შორის, სამხრეთ ოსეთიდან და დნესტრისპირეთიდან.