ახალი ამბები

პრეზიდენტისთვის საფუძვლიანია ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში გარკვეული ძალები მისი გვერდის ავლით მოქმედებენ

26 ივლისი, 2016 • 1282
პრეზიდენტისთვის საფუძვლიანია ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში გარკვეული ძალები მისი გვერდის ავლით მოქმედებენ

პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს, 26 ივლისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ხდება ინსტიტუტების დისკრედიტაცია” და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში მისი გვერდის ავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესების სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ”.

“გუშინ პრეზიდენტი შეხვდა საკონსტუტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც პრეზიდენტს მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები მოახსენა. გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ ეს არ იყო ზეწოლის პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტს ადგილი წარსულშიც ჰქონდა. არც ძველ და არც ახალ საქმეებზე გამოძიება პროკურატურას არ დაუწყია და რეაგირება არ მოუხდენია”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტის აზრით, არსებობს უნდობლობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. მისი შეფასებით, უმაღლესი ხელისუფალის მითითება არ უნდა იყოს საჭირო პროკურატურისთვის, რომ “მსგავს ფაქტებზე” გამოძიება დაიწყოს. “დიახ, ხდება ინსტიტუციების დისკრედიტაცია და უმოქმედობაა სწორედ ინსტიტუციების დისკრედიტაცია”, – თქვა მიშველაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ინსტიტუტების დისკრედიტაციის მაგალითად კორცხელის ინციდენტი გაიხსენა: “ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ამ ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რაგირება. მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ თავყრილობაზე ვიცე-პრემიერ კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნე, რაზეც ქართული ოცნების შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან ყვეგან მის გვერდით”, – თქვა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი საარჩევნო პროცესისთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება და აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი კითხვას – რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსს.

“ასეთი ტენდენციების გაღრმავების გამო გახდა საჭირო პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრთან დაკავშირებულ ინციდენტზე და ამის თაობაზე ჯერ კიდევ 10 დღის წინ იმიტომ კი არ ჩააყენა პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი საქმის კურსში, რომ დახმარებას ითხოვდა ამ კონკრეტულ საქმეში, არამედ იმისთვის, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში მისი გვერდის ავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ”, – ამბობს მიშველაძე. მისი თქმით, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ასახსნელია პრეზიდენტის ოჯახის წევრის მიმართ სამართლებრივი მოქმედების დროს განსაკუთრებული პოლიტიკური დაინტერესება. “პრეზიდენტი ადეკვატურად მიიჩნევს ამ საქმეებზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებული იქნება როგორც პროცედურული, ასევე ამ საქმეების პოლიტიკური შინაარსი”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

2016 წლის 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

გუშინ, 25 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, თქვა, რომ პაპუაშვილის განცხადებას არ გაუოცებია, რადგან “დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით” მისი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა.

პრეზიდენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებაზე პოლიტიკოსების გამოხმაურებებს: “პოლიტიკური ბრალდებები და პრეზიდენტის დადანაშაულება ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსის თაობაზე ჩვენთის ახალი არ არის. ეს ჩვენ დიდი ხანია აღარ გვიკვირს. პრეზიდენტის პოლიტიკური აქტივობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან მუდამ ისმის ბრალდებები იმაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან არის გარიგებაში … ყველაფერი კი გაცილებით მარტივია – პრეზიდენტი არის ინსტიტუციების დამცველი”.

როდესაც ჟურნალისტებმა პრეზიდენტის პრესსპიკერს სთხოვეს, გაეკეთებინა განცხადება მანანა კობახიძის მიერ პრეზიდენტ მარგველაშვილის შესახებ კომენტარზე (რომ მას შესაძლოა “ალკოჰოლის ზედმეტი დოზა” ჰქონდა მიღებული), ეკა მიშველაძემ უპასუხა:

“არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ სერიოზულად გიპასუხოთ მაგ კითხვაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი