ახალი ამბები

ISFED: სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3 შემთხვევა გამოვლინდა

26 ივლისი, 2016 • 1400
ISFED: სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3 შემთხვევა გამოვლინდა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3 შემთხვევა, ხოლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი.

სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3 შემთხვევა, ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა საქართველოს ქალაქებში – გორში, თელავსა და ქედაში.

7 ივლისს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გაათავისუფლეს სივრცითი დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი ზაალ გუდაძე. გუდაძე, ISFED-ის ცნობით, საკრებულოში 2014 წლიდან მუშაობდა ინფრასტრუქტურის საკითხებში ექსპერტ-კონსულტანტად და დანიშნული იყო საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მისი გათავისუფლების მიზეზად საშტატო რაოდენობის გადაჭარბება დასახელდა.

ISFED-ის ინფორმაციით, ზაალ გუდაძე გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც „ქართული პარტიის“ წევრია, ცდილობს საკუთარი პარტიის წევრების დანიშნვას საკრებულოში. გუდაძისა და  მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული სამი თანამშრომლის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს თელავის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი, მაგული ჭარბაძეც, რომლის მეუღლე და ახლო ნათესავები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. ხოლო ქედაში – ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა აიშე თებიძემ ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგნის ბაგა-ბაღში მუსიკის მასწავლებლი მაკა დევაძე ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა, თავად მაკა დევიძე თვლის, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.


2016 წლის 1 ივლისიდან 18 ივლისამდე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა ბაღდათსა და ახმეტაში.

18 ივლისს, ქუთაისში პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის აღნიშნული აქტივობის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ. განთავსებულ საინფორმაციო მასალაში გამოყენებულია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სიმბოლიკა.

ISFED-ის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდზე პარტიის საქმიანობის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს, რაც აკრძალულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49.6 მუხლით რომლის თანახმადაც, „წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა კახეთშიც, – ახმეტის მუნიციპალიტეტში – ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დარბაზის მიქირავებაზე უარი უთხრა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).

ISFED-ის დაკვირვებით, აღნიშნული ფაქტების გარდა, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის – 2, , ძალადობის – 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 2 და არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის – 5 ფაქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი