ახალი ამბები

თურქეთის პრემიერი: პარტიები თანხმდებიან საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებაზე

26 ივლისი, 2016 • 1548
თურქეთის პრემიერი: პარტიები თანხმდებიან საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებაზე

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა, 25 ივლისს განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ საკმარისი საფუძველი, რათა კონსტიტუციაში მცირემასშტაბიანი ცვლილებები შეიტანონ და, საბოლოოდ, ახალი ქარტია შეიმუშავონ.

“პარტიების ლიდერები თანხმდებიან, რომ ახალი კონსტიტუციის სამუშაო ვარიანტის შექმნაზე იმუშავონ. მცირე მასშტაბის კონსტიტუციურ ცვლილებას, შესაძლებელია, კონსენსუსზე დაყრდნობით მივაღწიოთ”, – განაცხადა პრემიერმა ილდირიმმა პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

როიტერის ცნობით, სამი ოპოზიციური პარტიიდან, შეხვედრას მხოლოდ ორი პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. თურქული ახალი ამბების სააგენტოს, ანადოლუს ცნობით, ესენი იყვნენ  რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP) და ნაციონალური მოძრაობის პარტია (MHP).

ილდირიმის თქმით, ჟანდარმერია და სანაპირო დაცვა ამიერიდან, თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ ანგარიშს.

თურქეთის პრეზიდენტმა 25 ივლისს, გერმანულ ტელეარხ ARD-თან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობას სურს აღადგინოს სიკვდილით დასჯა, როგორც სადამსჯელო ღონისძიება და მთავრობამ საკუთარ ხალხს უნდა მოუსმინოს.

“რას ამბობს ხალხი დღეს”? – იკითხა ერდოღანმა სატელევიზიო ინტერვიუს მიმდინარეობისას, – “მათ სურთ სიკვდილის დასჯის აღდგენა. ჩვენ, როგორც მთავრობამ, უნდა მოვუსმინოთ იმას, რასაც ხალხი ამბობს. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის”.

ერდოღანის ინტერვიუმდე კი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ თუკი თურქეთი აღადგენს სიკვდილით დასჯას, მისი ადგილი ევროკავშირში აღარ იქნება.

თურქეთში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რასაც წინ უსწრებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ამბოხებულთათვის წაუმატებლად დასრულდა. 15 ივლისის ღამით დაწყებულ ამბოხებას 190 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამართალდამცავებმა 37 500 საჯარო მოხელე და პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, 21 000 მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია და 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი