ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი: მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის მსხვერპლი და ველოდები პასუხს პროკურატურისგან

26 ივლისი, 2016 • 1215
თავდაცვის მინისტრი: მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის მსხვერპლი და ველოდები პასუხს პროკურატურისგან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჯერ ფეისბუკში გამოაქვეყნა პოსტი, ხოლო შემდეგ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ შეკითხვები აქვს პროკურატურასთან, თუ რატომ ხდება საპროცესო გარიგების გაფორმება ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ პირებთან.

“მე მოთმინებით ველოდები გამოძიების დამთავრებას იმიტომ, რომ მეც ვიყავი აი, ამ ბინძური შანტაჟის, დადგმული სპექტაკლების ერთ-ერთი მსხვერპლი, მე ველოდები პასუხს პროკურატურისგან. დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, რომ თითქოს იმ ადამიანებს, ვინც პირველ ეტაპზე დააკავეს საპროცესო გარიგებით უშვებენ და მე სწორედ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დავუსვი პროკურატურას. არ შეიძლება, როდესაც საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესია, არ დაკმაყოფილდეს ეს ინტერესი და ჩვენ არ ვიცოდეთ, რატომ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამ ადამიანებთან. ასეთ დროს ერთადერთი პასუხი არის ის, რომ ისინი აძლევენ პროკურატურას ჩვენებას იმაზე უფრო მაღალი სიკეთის დასაცავად, ვიდრე რის გამოც თავად არიან პასუხისგებაში, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ მათი მხრიდან საფრთხე ნეიტრალიზებულია თუ არა. ერთხელ თუ ჰქონდათ მათ წვდომა, შესაძლოა ხვალ და ზეგ ისევ იყვნენ ისინი საფრთხის მატარებელნი. აქ ძალიან ბევრი კითხვებია, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვიცი ზუსტად გიორგი პაპუაშვილი რაზე საუბრობდა, თუმცა იმ ინფორმაციიდან, რაც მედიაში იყო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმავე ხაზის გაგრძელებაა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მან ფეისბუკში დაწერა ის შეკითხვები, რაც აქვს პროკურატურასთან:

“ჩემთვის როგორც იურისტისთვის, მოქალაქისთვის კატეგორიულად სავალდებულოა პროკურატურამ გვითხრას:
1. რაში გამოიხატა თანამშრომლობა”
2. პატიმრობის მიზანია ადამიანისგან მომდინარე საფრთხის განეიტრალება. შესაბამისად რით დასტურდება, რომ ხვალ ისევ არ მოხდება მათი მხრიდან მსგავისი დანაშაულის ჩადენა”
3. როგორ ადასტურებს, რომ ეს იყო ერთადერთი მასალა რომელიც მათ ქონდათ და აღარ წაროადგენენ საფრთხეს”
4. რა მიზანი / მოტივი ქონდა მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას, რატომ ინახავდნენ, ავრცელებდნენ ფირებს?
5. თავად გადაწყვიტეს აბსტრაქტული შანტაჟი და საზოგადოების დატერორება თუ ვინმე იდგა მათ უკან?”

საქართველოს პროკურატურა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე დაკავებულ 3 პირს საპროცესო შეთანხმებას უფორმებს და მათ წინააღმდეგ გამოძიებას წყვეტს.

ინგა ჩატოიანთან, გელა ღურწკაიასთან და ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან პროკურატურა საპროცესო შეთანმხების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ სამივე მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობს და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. კიდევ 2 დაკავებულის, ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის ადვოკატები კი პროკურატურას მათთან გარიგებაში ადანაშაულებენ.

პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 15 მარტს დაიწყო. გამოძიება გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ირაკლი ფხალაძის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით. 2016 წლის 14 მარტს ასევე ამავე მუხლით დააკავეს ზურაბ ჯამალაშვილიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი