ახალი ამბები

“ძალადობა რელიგიის სახელით არის ღმერთის სიძულვილი” – დეკლარაცია რელიგიათაშორისი დიალოგისათვის

25 ივლისი, 2016 • 2979
“ძალადობა რელიგიის სახელით არის ღმერთის სიძულვილი” – დეკლარაცია რელიგიათაშორისი დიალოგისათვის

25 ივლისს საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების ნაწილმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, მშვიდობიანი, რელიგიათაშორისი დიალოგისათვის დეკლარაციას მოაწერა ხელი. რელიგიურ ლიდერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივები ხშირად ფასადურია და რეალურ პრობლემებს არ წყვეტს.

ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის პასტორი, ირინა სოლეი იხსენებს ბოლო წლებში კათოლიკურ, ბაპტისტურ, სომხურ და ლუთერულ ეკლესიებს შორის თანამშრომლობას, – ეკუმენურ ლოცვებს, ერთობლივ ახალგაზრდულ და ქალთა სემინარებს, კონფერენციებს და ამ ურთიერთობას “წარმატებულად და მრავალფეროვნად” აფასებს და უერთდება დეკლარაციასაც, თუმცა მას მაინც ეჭვის თვალით უყურებს.

“რა დიალოგზეა საუბარი, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიას თითქმის არცერთ ღონისძიებაში არ მიუღია მონაწილეობა”, – კითხულობს ირინა სოლეი და აგრძელებს: “ჩვენ არ გვჭირდება დიდი ძმა, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო. არავის აქვს უფლება, თქვას, რომ ის მართალია.  არ გვჭირდება უფროსი ძმა, რომელიც მიგვითითებს, რა აზრის უნდა ვიყოთ ამა თუ იმ საკითხზე, მაგალითად ქალების სულიერ პირებად ხელდასხმაზე. დიალოგი აგებული უნდა იყოს თანასწორუფლებიან, პარტნიორულ ურთიერთობებზე. არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს პრივილეგიები თუნდაც იმის გამო, რომ უმრავლესობას წარმოადგენს”.

მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულობაზე მიანიშნებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ბოლო ერთობლივი კვლევა – “რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა – 2014-2015 წლების პრაქტიკის ანალიზი”.

კვლევის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს საერთო დაფინანსებამ სახელმწიფოს მხრიდან 2014 წელს 32 019 399 ლარი შეადგინა, 2015 წელს – 31 135 900 ლარი. ხოლო სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, საერთო ჯამში, შესაბამისად, 1 795186 და 3 324478 ლარი გადაეცათ. დიაგრამა: EMC და TDI

კვლევის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს საერთო დაფინანსებამ სახელმწიფოს მხრიდან 2014 წელს 32 019 399 ლარი შეადგინა, 2015 წელს – 31 135 900 ლარი. ხოლო სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, საერთო ჯამში, შესაბამისად, 1 795186 და 3 324478 ლარი გადაეცათ. დიაგრამა: EMC და TDI

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელი, ლელა ხონელიძე, გვიხსნის, რომ დღეს საქართველოში რელიგიებს შორის კომუნიკაციის  რამდენიმე ფორმატი არსებობს, მაგალითად საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭო, რომლის საქმიანობაში 33 რელიგიური გაერთიანება ერთიანდება. “ამის ფონზე, გარკვეულ კითხვებს აჩენს, როცა არა რელიგიური გაერთიანებები, არამედ ხელისუფლების სტრუქტურები თავად ცდილობენ, განსაზღვრონ რელიგიებს შორის დიალოგის დღის წესრიგი”, – თქვა ლელა ხონელიძემ 25 ივლისს “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. კონფერენციის შემდეგ რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ მომზადებულ დეკლარაციას ხელი 10-მა რელიგიურმა გაერთიანებამ მოაწერა.

ლელა ხონელიძემ, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ ხდება, რომ არცთუ იშვიათად რელიგიებს შორის წამოწყებული დიალოგი ყოველგვარი შედეგის გარეშე მთავრდება:

“იმიტომ ხომ არა, რომ ამგვარი ურთიერთობებისათვის აუცილებელი გარემო, ერთმანეთთან შეხვედრებისა და ძალისხმევის გაერთიანების მოწოდობები ხშირად ეყრდნობა … თავს მოხვეულ კონიუნქტურას, სახელმწიფოს ნებით თუ რაღაც აბსტრაქტული, გაუგებარი მიზნებით ნაკარნახევ სპონტანურ, ზედაპირულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სხვები იღებენ ჩვენს მაგივრად? სწორედ ეს ხდება უმთავრების მიზეზი, რომ დიალოგში ჩართული მხარეები მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ როლს ასრულებენ ერთგვარ ილოზორულ ფასადად ქმნიან რელიგიებს შორის ურთიერთობას. ცხადია, რომ ასეთი პროცესები რეალურად უკუშედეგების მომტანი იქნება”, – ამბობს ლელა ხონელიძე.

მისი აზრით, სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ამგვარი, “სრულიად უპერსპექტივო” ურთიერთობები შესაძლოა, ერთი შეხედვით, არაფერს აშავებდეს, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ასეთი “ხელოვნური ურთიერთობები” იწვევს დიალოგის მნიშვნელობის გაუფასურებას და რელიგიების ურთიერთგაუცხოებას.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, მერაბ გაფრინდაშვილი, მიიჩნევს, რომ რელიგიათა შორის დიალოგში მნიშნველოვანი როლი თავად რელიგიურ გაერთიანებებს აკისრიათ: “რელიგიურმა გაერთიანებებმაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ მშვიდობიანი გარემოს შექმნაში. დიალოგი რელიგიებს შორის ხელს უწყობს ერთმანეთის მიმართ კარიკატურული წარმოდგენების მსხვრევას. ის ასევე გვეხმარება გაუცხოების კედლების ნგრევაში, რომელსაც წარმატებით ვაშენებთ”.

რელიგიური გაერთიანებების ლიდერები და წარმომადგენლები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საფრანგეთში, თურქეთში, გერმანიაში ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას. 25.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

რელიგიური გაერთიანებების ლიდერები და წარმომადგენლები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საფრანგეთში, თურქეთში, გერმანიაში ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას. 25.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის პასტორი ირინა სოლეი კი მიიჩნევს, რომ რელიგიებს შორის დიალოგის წარმატებულობისათვის გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს საგანმანათლებლო პროგრამებს: “ერთობლივი ბანაკები, შეხვედრები, ექსკურსიები სხვადასხვა ეკლესიაში. მრავალფეროვნების პრაქტიკული გაცნობა და შეთვისება. უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ყველა კონფესიას მედიის საშუალებებით არა გამონაკლისის სახით, არამედ ჩვეულებრივ რეჟიმში”, – განაცხადა ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის პასტორმა.

25 ივლისის კონფერენციაზე გამომსვლელთა ნაწილმა, ისევე როგორც პოლიტიკოსებმა, ყურადღება გაამახვილეს ტერორიზმზე და, მათი თქმით, იმ მცდარ შეხედულებაზე, თითქოს რელიგია და ტერორიზმი ურთიერთკავშირშია. “ძალადობა რელიგიის სახელით არის ღმერთის სიძულვილი”, – განაცხადა რაბინმა ბენსიონ ისრაელაშვილმა.

დეკლარაციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე გაძლიერდეს თანამშრომლობა და რელიგიის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებული უფლებებით გათვალისწინებით ხელი შეუწყონ საქართველოში სტაბილურობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას და თანხმდებიან, რომ:

  1. რწმენა არ არის ძალადობის, რელიგიურ ნიადაგზე ომისა და კონფლიქტის წამახალისებელი;
  2. ინტერრელიგიური დიალოგი არის განსხვავებული რწმენის ადამიანთა ურთიერთობის ჰუმანური ფორმა;
  3. ინტერრელიგიური დიალოგისას წარმოშობილი შესაძლო სირთულეები არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი. იგი უნდ დაიძლიოს ურთიერთგაგებით, სამართლიანობისა და სარწმუნოებრივ-მორალური პრინციპების გათვალისწინებით;
  4. ინტერრელიგიუირი დიალოგი ხელს უწყობს რა კულტურათა კვლევასა და რელიგიური ცნობიერების ამაღლებას, ასუსტებს ნეგატიურ განწყობებს და ქმნის მშვიდობიან გარემოს;
  5. ინტერრელიგიური დიალოგი თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს ადამიანთა მშიდობიანი თანაცხოვრების დაცვას და ღვთის მცნებებზე დაფუძნებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დანერგვას;
  6. ინტერრელიგიურ დიალოგში ჩართული მხარეები იღვწიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის, ამასთან, თანაუგრძნობენ ყველა ხალხის სატკივარს, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოკლებულნი არიან მშვიდობის, სამართლიანობისა და სოციალურ სიკეთეებს;
  7. ინტერრელიგიურ დიალოგში ჩართული მხარეების მოღვაწეობა არის შემოქმედებითი და საქმიანი და ხელს უწყობს რელიგიათა შორის თანამშრომლობას და მაღალზნეობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებას, ორიენტირებულს ადამიანის ღირსებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვაზე, თანასწორუფლებიანობაზე, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, სნეულთა და საპყრობილეში მყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ნარკომანიის, ლოთობის, ძალადობისა და სხვა მავნე გამოვლინებების აღმოფხვრაზე;
  8. რელიგიური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ რელიგიური ჯგუფების მშვიდობიან თანაარსებობას კავკასიის რეგიონში და ამით ხელი შეუწყონ მრავალფეროვანი მსოფლიოს შენარჩუნებას;

მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირი, საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, რომ რელიგიური ლიდერების მიზანია მშვიდობა ქვეყანაში. ”ამისათვის საჭიროა ასეთი ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს. ყველა რელიგიას ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, რომ ქვეყანამ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას წინ. ჩვენ დიდი მისია გვაკისრია იმ კუთხით, რომ ვართ ჩვენი მრევლის მქადაგებლები, – უნდა ვუქადაგოთ მშვიდობა, ურთიერთსიყვარული, ურთიერთდაფასება”, – განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ. ხოლო ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რა აწუხებს მუსლიმ თემს, ასე უპასუხა:

“შეიძლება მედიის საშუალებებმა ხშირად გადმოსცენ ყველა რელიგიის ქადაგება, ყველა რელიგიას ჰქონდეს საშუალება იმისა, რომ თავის მრევლს გადასცეს თავისი რელიგია, ის, რაც მართლაც არის რელიგია და არ იყოს რადიკალური მხარე ჩასმული რელიგიებში”.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, მერაბ გაფრინდაშვილი. 25.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, მერაბ გაფრინდაშვილი. 25.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

25 ივლისის კონფერენციაზე ისაუბრეს ქართველი მუსლიმების სხვა პრობლემებზეც. მაგალითად, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა, აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართველ მუსლიმთა თემის მიმართ გამოვლენილი იქნა “რელიგიური ძალადობის არაერთი სერიოზული შემთხვევა”:

“სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის შეუწყნარებლობა მუსლიმების მიმართ სოფელ ნიგვზიანში და ასევე, ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულება დამნაშავეთა მიმართ გახდა მთავარი მიზეზი მუსლიმების დისკრიმინაციისა საქრათველოს სხვადასხვა კუთხეში. ხელისუფლების დამოკიდებულება იყო სიფრთხილეზე ორიენტირებული, რომ დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგის გზით და არა საგამოძიებო პროცედურების გამოყენებით მოეხდინათ კონფლიქტის მოგვარება. თავის დროზე მთავრობის ამ ჰუმანური პოზიციის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური სპექტრის წარმომადგენლები, რაც, სამწუხაროდ, გამართლდა – ხელისუფლებას თავის დროზე რომ უზრუნველყო გამოძიების ეფექტური ჩატარება, მაშინ ნიგვზიანის ინციდენტი ვერ გახდებოდა წამახალისებელი ფაქტორი მოძალადე ჯგუფებისათვის წინწყაროში, სამთაწყაროში, ქობულეთსა და მოხეში”, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი