ახალი ამბები

ლომჯარია: მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლა გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს

25 ივლისი, 2016 • 1483
ლომჯარია: მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლა გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს

დღეს, 25 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღებაა:

“ის პრობლემები, რომლებიც გიორგი პაპუაშვილმა გააჟღერა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ მეტი კონკრეტიკა მივიღოთ მისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ დარჩეს გამოუძიებელი. ერთის მხრივ, სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ და შეისწავლონ ყოველმხრივ ეს გარემოებები, ხოლო მეორეს მხრივ – ვფიქრობ, რომ ყველა იმ მოსამართლეს, რომელსაც აქვს რაიმე ტიპის ინფორმაცია ზეწოლასთან დაკავშირებით, უნდა ითანამამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაციები. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი.”

ლომჯარიას აზრით, არ შეიძლება მხოლოდ განცხადებების დონეზე დარჩეს მსგავსი ტიპის ბრალდებები:

“აუცილბელია გამოძიებასთან თანამშრომლობა და აუცილებელია მიუკერძოებლად, სრულყოფილად ჩატარდეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის სწირედ ამ დეტალებში გარკვევა. ასევე, მზად ვართ შევხვდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს, რომელსაც სურს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა და თავისი მოსაზრების, თუ სხვა ტიპის მონაცემების გაზიარება არასამთავრობო სექტორთან.”

ლომჯარია ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებისგან ზეწოლაზე განცხადებები გახშირდა და გამოუძიებლობამ შესაძლოა სახელმწიფო ინტიტუტების დისკრედიტაცია გამოიწვიოს:

“ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიება, რადგან თუკი ეს განცხადებები დარჩა რეაგირების გარეშე, დისკრედიტაციას მიაყენებს არამარტო სამართალდამცავ უწყებების, არამედ ისეთი ინსტიტუტების, როგორიც არის პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამრთლო. თუკი არ მოხდა ამ ფაქტების გამოძიება, შესაზლებელია გაჩნდეს რწმენა, რომ ვიღაც აშანტაჟებს ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირებს და შეიძლება იაინი მოექცნენ გარკვეული ზეგავლენის ქვეშ. ”

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს გიორგი პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ. ინფორმაციას ამის თაობაზე მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი