ახალი ამბები

მეჭიაური: “ქართული ოცნების” კანდიდატებიდან ბევრს რუსეთში აქვს გახურებული ბიზნესი

25 ივლისი, 2016 • 1492
მეჭიაური: “ქართული ოცნების” კანდიდატებიდან ბევრს რუსეთში აქვს გახურებული ბიზნესი

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს გაუჭირდებათ მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ხსნა ნატო-შია, რადგან მისი მტკიცებით, მათგან ბევრ მათგანს “რუსეთში აქვს გახურებული ბიზნესი”.

თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ  “ქართულ ოცნებას”  მისნაირი ტიპაჟები, ანუ პოსტსაბჭოური სახეები დაემატათ:

„კანდიდატებს შორის ჩემთვის საპატივცემულო რამდენიმე ადამიანი არის, მაგრამ მგონია, რომ მათ გაუჭირდებათ  ნატო-სადმი ერთგულების დამტკიცება, გაუჭირდებათ ამომრჩევლისთვის იმის დამტკიცება, რომ აი, ნატო-ში არის ხსნა. მე ვიცი, მათგან ბევრს  რუსეთში აქვს გახურებული ბიზნესი და მშვენიერი ურთიერთობები აქვთ. მგონი, ნატო-ს წევრ ქვეყნებში ნამყოფიც არ არიან.  ახალი სიმბიოზი შეიქმნა ახალი სახეებით, რომლებსაც დაემატა პოსტსაბჭოური სახეები, მაგალითად ჩემნაირი ტიპაჟები. როგორ უნდა შეაჯვარონ ეს ყველაფერი ერთმანეთთან, ეს მათი პრობლემაა,”- აღნიშნავს მეჭიაური, თუმცა კონკრეტული კანდიდატების ვინაობას არ ასახელებს.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი “ქართულ ოცნებას” “მაინცდამაინც ისე აღარ აფინანსებს და პარტია  „ფულიან მაჟორიტარებს“ თვითონ ეძებს”.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრი მანანა კობახიძე ამბობს, რომ მან არ იცის ვის გულისხმობს თამაზ მეჭიაური.

“თუ ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს, ან კანდიდატს საარჩევნო სიიდან  რაღაც ბიზნეს ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან, ეს არავითარ კავშირში არ არის ქვეყნის საგარეო კურსთან.  ზოგადად, დივიდენდის მიღების უფლება აქვს დეპუტატს, მთავარია თვითონ არ იყოს ჩართული ბიზნესის მართვაში.  თუ ვინმეს ბიზნეს დეპუტატად არჩევის გამო რუსეთში პრობლემას შეუქმნიან, იქნება პრობლემა შექმნილი, დაზარალდება მისი ბიზნესი, ჩვენი საგარეო კურსი არ დაზარალდება,” – ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაზე “ქართული ოცნების” გუნდის წევრი საკუთარი ბიზნესის რისკების გამო უარს არ იტყვის.

თამაზ მეჭიაური რუსეთის ფედერაციაში ივლისში იმყოფებოდა, სადაც “დუმის” ზედა პალატის დეპუტატებს შეხვდა. მისი თქმით, ეს ვიზიტი “ნახევრადოფიციალური” იყო, რადგან პარლამენტის ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა:

„მოსკოვში  იგორ მოროზოვის მიწვევით ვიყავი. ძირითადად ზედა პალატის დეპუტატებს შევხვდი, თუმცა  დუმის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთანაც მქონდა არაფორმალური შეხვედრები .”

მეჭიაურის მტკიცებით, შეხვედრებზე მისი პარტიის დაფინანსების საკითხზე არ ყოფილა საუბარი, თუმცა ამ თემაზე დიასპორის წარმომადგენლებს ესაუბრა:

“დაფინანსებაზე საუბარი არ ყოფილა, უცხო ქვეყნის ფინანსებით არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებ, ამას კანონი არეგულირებს,  თუმცა ამ საკითხზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მქონდა საუბარი და მათი ინტერესის შემთხვევაში, ამ თემას განვიხილ ავ,” – აღნიშმნა მეჭიაურმა.

23 ივლისს „ქართულ ოცნებამ” სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. “ქართულ ოცნებას”’ ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პროფესიით იურისტი და ეკონომისტი.

ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტი ედიშერ თოლორაია იქნება.

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართულმა ოცნებამ“ პროფესიით იურისტი, გოგა გულორდავა დაასახელა. გულორდავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელია.

ხობის მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატი მოქმედი პარლამენტარი, გოდერძი ბუკია იქნება. სენაკის კანდიდატად სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ბერაია დასახელდა. მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელიაა, ხოლო ფოთის კანდიდატი ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია.

თამაზ მეჭიაური მერვე მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” კვოტით მოხვდა. დეპუტატმა 2016 წლის 21 მაისს “ქართული ოცნება”    საგარეო კურსზე შეუთანხმებლობის მიზეზით დატოვა. 6 ივნისს მან  თავისი ახალი პარტიის   “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” გუნდი წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი