ახალი ამბები

კონტროლის პალატამ “ქართული ოცნების” ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა

7 მარტი, 2012 •
კონტროლის პალატამ “ქართული ოცნების” ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა

“ეს ფიქტიური განხილვა იყო. მეორე მხარე არც გამოცხადდა, არ წარმოადგინა საქმის მასალები, შესაბამისად, მათ მხოლოდ ჩვენი სამდურავი და მტკიცებულებები მოისმინეს,” – განაცხადა “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა  კონტროლის პალატაში “ქართული ოცნების” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ.

დღეს, 7 მარტს, კონტროლის პალატაში გაიმართა ღია სხდომა, რომლეიც საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას შეეხო.  

მასში მონაწილეობდნენ კონტროლის პალატის მხრიდან საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეები: სხდომის თავჯდომარე შოთა თარხნიშვილი, გიორგი ლაცაბიძე, დევი ვეფხვაძე, სხდომის მდივანი – ივანე პეტრიაშვილი და კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნატო ზაალიშვილი.

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე სხდომაზე დაუდგენელი მიზეზების გამო არ გამოცხადდა.

ხოლო მეორე მხარე წარმოადგინა ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ და “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილმა განმარტა მათი საჩივრის ძირითადი არსი: “დღეს იგეგმება კონტროლის პალატის ქმედებების კანონიერების განხილვა. მან უკანონოდ სცნო “ქართული ოცნება” მონიტორინგის სუბიექტად, დაარღვია გამოხატვის თავისუფლება და “ქართულ ოცნებას” სჯიან მხოლოდ იმის გამო, რომ მის წევრებსა და ლიდერს აქვთ პოლიტიკური მიზნები ან ამოცანები. ისინი ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილისა და იურიდიული პირის “ქართული ოცნების” მიზნებს”, – განმარტა ქუცნაშვილმა.  

კონტროლის პალატაში “ქართული ოცნების” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დაწყების დროდ, როგორც ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე ქუცნაშვილმა განუმარტა, 17:00 საათი იყო მინიშნებული. თუმცა შეხვედრა 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა ასეთი განცხადებაც კი გააკეთეს:

“მე და სანდრო ბარამიძე, როგორც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, აქ გამოვცხადდით დანიშნულების დროს და უკვე 20 წუთზე მეტია ველოდებით ღია სხდომის ჩატარებას. მხარემ რომ არ გამოიყენოს ეს საბაბი იმად, რომ ვითომ ჩვენ არ გამოვცხადდით და, შესაბამისად, არ შევდივართ სხდომათა დარბაზში. ვაკეთებ ამ განცხადებას იმისათვის, რომ დაადასტუროთ ჩემი გამოცხადება კონტროლის პალატაში,” – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

მოგვიანებით ღია სხდომის დაწყება შეაფერხა იმ ფაქტმაც, რომ ჟურნალისტებს არ მიეცათ აპარატურის, ვიდეოკამერებისა და აუდიოჩამწერების სხდომის დარბაზში შეტანის უფლება, ანუ შეიზღუდა ის უფლება, რაც ღია სხდომის ჩატარების შემთხვევაში ჟურნალისტს აქვს.

“კონტროლის პალატამ დაარღვია კანონის მოთხოვნები. ჩვენ დაბეჯითებით მოვთხოვეთ, რომელი კანონით ხელმძღვანელობდა, როდესაც ჟურნალისტებს ჩამოართვეს კამერები და ჩამწერები, მათ ვერ მიუთითეს მსგავს კანონზე და ამან ფაქტიურად თავიდანვე წარმოშვა მათი ქმედებების მიკერძოების თაობაზე ეჭვი იმიტომ, რომ, თუ ობიექტურად იხილავ დავას, შენ პირიქით დაინტერესებული უნდა იყო იმაში, რომ ჩაიწეროს ეს სხდომა,” – განაცხადა ქუცნაშვილმა.  

ადვოკატებმა დააყენეს მოთხოვნა, რომ თუ ისინი (კონტროლის პალატა) ჟურნალისტებს არ უშვებდნენ ამ სხდომის ჩასაწერად, თავად მათ ჩაეწერათ აუდიოჩანაწერით დღევნდელი შეხვედრა. მათ ამაზე უარი განცხადეს და აღნიშნეს, რომ კალმით სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩაწერა იმისათვის, რომ შემდგომ სხდომის ოქმში ყველაფერი აისახულიყო.

ჟურნალისტებს ტელეფონებიც დაატოვებინეს. შესაბამისად, ღია სხდომაზე ჟურნალისტები მხოლოდ საწერი კალმებით დაუშვეს, რომელი კანონის მიხედვით, ეს სხდომაზე არ განუმარტავთ კონტროლის პალატის წარმომადგენლებს.   

შესაბამისად, სხდომის დასაწყისში ქუცნაშვილმა განმხილველი პალატის მიმართ აცილება მოითხოვა, რაც შემდეგი ფაქტებით გაამყარა:

  • სხდომის თავმჯდომარემ წევრებთან ერთად მიიღო ზეპირი და უკანონო გადაწყვეტილება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, მოხდა დანიშნული ღია სხდომის ნაწილობრივი დახურვა. რაც გამოიხატა მისი მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში. ეს ხელის შეშლა შემდეგში მდგომარეობს: ღია სხდომაზე პალატამ შექმნა დაბრკოლებები ჟურნალისტებისთვის, კერძოდ, ისინი სხდომაზე დაუშვეს ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე. რითიც ხელი შეუშალეს მათ პროფესიულ საქმიანობას.
  • დარღვევა ასევე მოხდა მორიგ უკანონო ზეპირ მითითებაში, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს ჩამოართვეს პირადი ტელეფონები. წარმომადგენლების მოთხოვნაზე, განემარტათ რომელი კანონის მიხედვით განხორცილედა ეს ქმედება, მან ბრძანა, რომ ეს არის ჩემი ზეპირი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ ბრალდებებს არ დაეთანხმნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები და ეს აცილება არ დააკმაყოფილეს.    

სხდომაზე პროტესტი კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის გამოუცხადებლობამაც გამოიწვია.

“ქალბატონი მოგელაძე ამ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის სხდომაში არ მონაწილეობდა, ის არ გამოცხადდა, არც რაიმე წერილობითი განცხადება წარმოუდგენია და არ მომისმენია მისი არგამოცხადების მიზეზი, რაც დაუშვებელია,” – აღნიშნა ბარამიძემ.

სხდომაზე განიხილებოდა “ქართული ოცნების” ადმინისტრაციული საჩივარი და ის კონტროლის პალატის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადების გაპროტესტებას შეეხო.

“ქართულ ოცნებას”, როგორც საზოგადოებრივ მოძრაობას, აქვს უფლება, ჰქონდეს სიმპათიები, აქედან გამომდინარე, ეს არ შეიძლება გახდეს მისი მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადების საბაბი,” – განმარტა ადვოკატმა  ბარამიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ საჩივარს, ღია სხდომაზე ქუცნაშვილმა შემდეგ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება: 

  • “როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 7 ოქტომბერს, რომ მას აქვს პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, მაშინ “ქართული ოცნება” ბუნებაშიც არ არსებობდა. ის შეიქმნა მოგვიანებით, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილის განცხადებების გაიგივება იურიდიულ პირ “ქართულ ოცნებასთან”.
  • “ქართულ ოცნებას”, როგორც იურიდიულ პირს, აქვს უფლება, რომ ჰქონდეს პოლიტიკური მრწამსი და მათ შორის გამოხატვის მხარდაჭერა რომელიმე ჯგუფის მიმართ. ამას ამბობს როგორც ქართული კანონმდებლობა, ამასვე ამბობს გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა დარგში, რომ ყველა პირს, როგორც ფიზიკურს, ასევე იურიდიულს,  გამოხატვისა და მრწამსის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, დაუჭიროს ამა თუ იმ პირსა თუ გაერთიანებას მხარი. აქედან გამომდინარე, “ქართულ ოცნებას” იმის გამო სჯიან, რომ მას აქვს სიმპათიები ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში.
  • კონტროლის პალატამ არ გამოსცა აქტი და ისე სცნო “ქართული ოცნება” მონიტორინგის სუბიექტად. მას რომ გამოეცა აქტი, ეს აქტი რაღაც კანონზე უნდა დაყრდნობილიყო.  ჩვენ ვითხოვდით ამ აქტს და ვერ მივიღეთ ეს აქტი. დღევანდელ სხდომაზეც ვითხოვეთ და არ მოგვცა ეს ამ განმხილველმა პალატამ.
  • კონტროლის პალატამ მოჩვენებითად და თვალთმაქცურად მიიჩნია ის გარიგება, რომელი გარიგებაც დაიდო “ელიტა ბურჯსა” და “ქართულ ოცნებას” შორის. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჯერ ეს ერთი, ერთდროულად არ შეიძლება იყოს გარიგება მოჩვენებითი და თვალთმაქცურიც და მეორე მხრივ, საკუთარი ფულის უკან დაბრუნების მოთხოვნა არ ნიშნავს შემოწირულობას. იმიტომ, რომ შემოწირულობა ეს არის სხვა პირის მიერ სხვა თანხის მიცემა და არა საკუთარი თანხის უკან დაბრუნება. ნებისმიერი გარიგება კი ბათილად შეიძლება სცნოს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლომ.

შეგახსენებთ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძის კომენტარს ამ ფაქტის შესახებ:

”ქართულმა ოცნებამ” ორი მილიონი ლარი თითქოსდა ავეჯის დასამზადებლად გადაურიცხა შპს ”ელიტა ბურჯს”, თუმცა ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღეში 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა ”ქართულ ოცნებას”, სამ დღეში კი შპს ”ელიტა ბურჯმა”, გარდა ამ 100 000 ლარისა, ”ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი მილიონი ლარი დაუბრუნა ანგარიშზე. ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები, რადგან ორივე ორგანიზაცია რეალურად ეკუთვნის ერთსა და იმავე ფიზიკურ პირს, მოძრაობა ”ქართული ოცნების” გამგეობის თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს და, შესაბამისად, თავად არის დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც.”

ადვოკატი ბარამიძე ადასტურებს, რომ მსგავსი გარიგება ავეჯის დასამზადებლად მართლაც დაიდო მხარეებს შორის.

“თანხა წინასწარ ჩაურიცხა ”ქართულმა ოცნებამ” “ელიტა ბურჯს”. თუმცა შემდეგ მოხდა ხელშეკრულების გაწყვეტა და “ქართულმა ოცნებამ” ისევ მოითხოვა აღნიშნული თანხის ეტაპობრივად უკან დაბრუნება,” – განაცხადა ბარამიძემ.

სხდომაზე მხოლოდ ადვოკატები აქტიურობდნენ, კონტოლის პალატის წრმომადგენლების მხრიდან კითხვა არ დასმულა. ეს გარემოება კი საკმაოდ საეჭვოდ მიიჩნია ადვოკატმა ბარამიძემ და შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა.  

“ჩვენთვის გაუგებარი იყო, რომ სამმა თანამდებობის პირმა, რომლებმაც განიხილეს ჩვენი საჩივარი, მათ არავითარი შეკითხვები არ დაუსვამთ. მათ უბრალოდ მოისმინეს ჩვენი მხრიდან განცხადებები, მოსაზრებები, ის რაც წერილობით  უკვე ჰქონდათ, ანუ დამატებით რაიმე კითხვები რატომღაც არ გასჩენიათ. ეს ყველაფერი მე უბრალოდ ძალიან მაკვირვებს და უბრალოდ მინდა ვიკითხო, წინასწარ ხომ არ არის უკვე გადაწყვეტილება მიღებული?!” – აღნიშნა ბარამიძემ.  

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში, ერთ თვეში მიიღებს. აღნიშნულის შესახებ კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნატო ზაალიშვილმა განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი