ახალი ამბები

შსს აცხადებს, რომ აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

24 ივლისი, 2016 • 1722
შსს აცხადებს, რომ აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

შსს აცხადებს, რომ კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თეიმურაზ ჩ. დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩ. ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოში ოდესა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით)”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული პირი საქართველოში ჩადიოდა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა გუშინ, 23 ივლისს:

“ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის სახელმწიფო სამსახურმა დაადგინა კიდევ ერთი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, მეტსახელად “წრუწის” ვინაობა, რომელმაც დღესვე დატოვა უკრაინის ტერიტორია და გამგზავრებულ იქნა თბილისში. ქართულ მხარეს კი ამის თაობაზე წინასწარ გაეგზავნა შეტყობინება.
ჩემს მიერ ინიცირებული კანონის თანახმად, დეპორტირებული კრიმინალური ავტორიტეტები ავტომატურად ციხეში ხვდებოდნენ. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად მაინც, ქართული სახელმწიფო მორიგ კანონიერ ქურდს არ მისცემს საშუალებას უპრობლემოდ გადაკვეთოს საზღვარი და თავისუფლად დატოვოს აეროპორტის ტერიტორია”, – დაწერა ფეისბუკზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი