ახალი ამბები

დემირელის სახელობის კოლეჯისა და მისი პარტნიორი სკოლების განცხადება

22 ივლისი, 2016 • 2454
დემირელის სახელობის კოლეჯისა და მისი პარტნიორი  სკოლების განცხადება

საქართველოში მოქმედი  სკოლები: რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა“, ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, თბილისის „ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა“, თბილისი სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი” და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრება“  ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად აფასებენ.

“ზემოთ ჩამოთვლილი სასწავლო დაწესებულებები ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ,  კანონსაწინააღმდეგო და არასახელმწიფოებრივ საქმიანობას. ასევე ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, გარე და შიდა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგობის სახელის ხსენება  ისეთ კონტექსტში, როგორიცაა „ტერორიზმი“ და „ექსტრემიზმი“,”- ნათქვამია სკოლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

მათი განცხადებით,  სკოლებში საგანმანათლებლო  პროცესი ღია და გამჭვირვალეა, ხოლო  სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით:

“სკოლების მთავარი მიზანი განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჯანსაღი და თავისუფალი მოქალაქეების აღზრდაა. შორს ვართ ნებისმიერი არასახელმწიფოებრივი ქმედებისგან და  ერთგული შრომით ვემსახურებით ღირსეული მოქალაქეების აღზრდას. ორი ათეული წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ  საამაყო ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყანაში: ზაზა ფაჩულია, ზვიად მეტრეველი, ნათია გვენეტაძე, გიორგი კოჭლამაზაშვილი (იაპონია), ირაკლი მარღანია (აშშ), დემეტრე გვარამია (აშშ), გ. კაპანაძე (გერმანია) და სხვა მრავალი.  ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. თითოეული მოსწავლე ჩვენი სიამაყეა! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წვლილით ქვეყნის აღმშენებლობაში,”- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სკოლები ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ აქტივობას ემიჯნებიან :

“და გაჟღერებული ბრალდებების ფონზე ვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას  შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე.”

16 ივლისს თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემიზქანმა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას ტელეარხ 25-ის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან. კონსულის განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით. ფეტულა გულენს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 ივლისს თურქეთის ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი