ახალი ამბები

რუსეთში, პოლიციამ აქციის დროს ყველა დაკავებული გაათავისუფლა

6 მარტი, 2012 • 1319
რუსეთში, პოლიციამ აქციის დროს ყველა დაკავებული გაათავისუფლა

პოლიციამ ოპოზიციის საპროტესტო აქციის აქტივისტები– ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი და სერგეი უდალცოვი გაათავისუფლა. ისინი ორშაბათს, 5 მარტს, მოსკოვის ცენტრში გამართული აქციის დროს დააკავეს.

ოპოზიციის მიტინგი პუშკინის მოედანზე შეთანხმებული იყო დედქალაქის მმართველობასთან, აქციაში მონაწილეობა 14 დან 30 ათასამდე ადამიანმა მიიღო. როგორც რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აქციის დასრულების დროს აქტივისტთა ნაწილმა სანქცირებული მიტინგის შემდეგ მოედნის დატოვება არ ისურვა.

პოლიციამ ძალადობრივი ოპერაციით დააკავა და პოლიციის განყოფილებებში მიიყვანა დაკავებულები. ოფიციალური მონაცემით, სულ 250 ადამიანი იყო დაკავებული.

სამშაბათს, 6 მარტს, დილით ყველა დაკავებული გაათავისუფლეს. მათ მიმართ შედგენილი იყო პროტოკოლი, რომლის მიხედვით, მათ დაარღვიეს შეკრებების, მიტინგებისა და დემონსტრაციების ორგანიზების შესახებ კანონი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ერთიდან ორ ათას რუბლამდე.

“ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ მასობრივ საპროტესტო აქციებს, ათეულობით ათასი ადმიანი გამოვა ქალაქის ქუჩებში და აღარ წავა. იქამდე იქნება აქციები, სანამ არ გავიმარჯვებთ,”-განაცხადა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა აქტვისიტმა, ნავალნიმ.

რუსეთში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა კი განაცხადა, რომ “რთულია უყურო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას პუშკინის მოედანზე. შეკრების თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება – ეს უნივერსალური ღირებულებებია.”

საპროტესტო აქციის სხვა ორგანიზატორი, სერგეი უდალცოვი, გათავისუფლების შემდეგ აპირებს, პოლიციის მიერ კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ფაქტი უკვე სასამართლოში დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში 4 მარტს გამართულ საპრეზინდეტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით, მმართველი პარტიის, “ედინაია როსიას” წარმომადგენელმა ვლადიმერ პუტინმა ხმათა დაახლოებით 64 % მოიპოვა. მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი. მან ხმების 17 %-ზე ცოტა მეტი მოიპოვა. მესამე ადგილზე მიხეილ პროხოროვია 7,77 % – ით. სერგეი მირონოვმა და ვმადიმერ ჟირინოვსკიმ კი ხმათა 3, 84 % და 6, 23 % მოიპოვეს.

დამკვირვებლები არჩევნების პროცესში მრავალრიცხოვან დარღვევებზე საუბრობენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არჩევნების შედეგები 5 მარტს რუსეთის სხვადსხვა ქალაქში გააპროტესტეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი