ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის თანხა შესაძლოა ლეგალიზებას დაექვემდებაროს

დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომლის თანახმად, 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება. კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, ცვლილებები  “სოციალური დახმარების შესახებ” კანონში უნდა შევიდეს. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთან, კანონის მიღების შემთხვევაში, ასეთ საქმეებზე სასამართლო და სააღსრულებო წარმოება შეწყდება. თუმცა დაბრუნებას ასევე არ დაექვემდებარება “შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა.”

კანონპროექტი გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის თანხა დაახლოებით 900 ათასი ლარია:

“სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას/დაქვითვას ექვემდებარება, დაახლობით 900 500 ლარს შეადგენს დაახლოებით 3500 ოჯაზე,”- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.