ახალი ამბები

კვირიკაშვილი: სტაბილური, დემოკრატიული თურქეთის განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

19 ივლისი, 2016 • 1470
კვირიკაშვილი:  სტაბილური, დემოკრატიული თურქეთის განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის თურქეთის სტაბილურობა და მისი დემოკრატიული განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან ანკარაში თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან ერთად გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა.

“თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახსენა ჩვენი სატელეფონო ზარი, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეს ვიზიტი დაგეგმილ დღეს უნდა გამართულიყო. ვიდრე ეს საუბარი შედგებოდა და ვიდრე ამბოხი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, მე პირადად გავაკეთე მხარდამჭერი განცხადება თურქეთის ხელისუფლების მიმართ. ეს განცხადება მხოლოდ პირად მეგობრობას არ ეფუძნებოდა, ეს იყო გამოხატულება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური, დემოკრატიული თურქეთის შეუფერხებელი განვითარება რეგიონში სტაბილურობისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. სტაბილური და ძლიერი თურქეთი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა მკაცრად დავგმო ახლახან განხორიელებული გადატრიალების მცდელობა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კანონიერ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას,”-აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, დღევანდელმა შეხვედრამ  დაადასტურა, თუ რაოდენ ძლიერია ორი ქვეყნის პოლიტიკური ნება, განავრცოს სტრატეგიული პარტნიორობა. გიორგი კვირიკაშვილმა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს პოლიტიკური დიალოგის გაღმავებას და საერთო ინტერესის საკითხების წამოწევას.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს თანამშრომლობის ყველა სფერო და ისაუბრეს შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.
“განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში. აღვნიშნეთ ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების აუცილებლობა, ვინაიდან ჯერაც გამოუყენებელია შესაძლებლობების გარკვეული პოტენციალი. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, გავაფართოოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მაქსიმალურად გავზარდოთ საქართველოს ექსპორტი თურქულ ბაზარზე. ახლო მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნებისათვის. დავაფიქსირეთ მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთქმედება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. კმაყოფილებით აღვნიშნეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის, გარემოს დაცვისა და საბაჟო სფეროში და ვისაუბრეთ ორმხრივი სამართლებრივი ბაზის შემდგომი დახვეწის აუცილებლობაზე,”-განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო  რეგიონში არსებულს მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

“ჩვენი ქვეყნისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. უხეშად ირღვევა აქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სიცოცხლის უფლებები,”-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები დამატებით იმპულსს შესძენს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ხალხებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი