ახალი ამბები

თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი საქართველოს მადლობას უხდის

19 ივლისი, 2016 •
თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი საქართველოს მადლობას უხდის

“პრემიერ-მინისტრის სახით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას თურქეთის სახელმწიფოსა და თურქი ხალხის  მხარდაჭერისთვის,- საქართველოს მთავრობის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის ინფორმაციით, ილდირიმმა მადლობა გადაუხადა კვირიკაშვილს ოფიციალური ვიზიტისთვის, “რაც თურქეთში განხორციელებული მოვლენების ფონზე საქართველოს მხრიდან გამოვლენილ უდიდეს მხარდაჭერად შეაფასა”.

“ბინალი ილდირიმის თქმით, ამბოხების პირველივე საათებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქ ხალხს გამოუცხადა მტკიცე მხარდაჭერა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თურქეთი  მზად არის გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან და ხელი შეუწყოს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რაც შეეხება პრესკონფერენციაზე ილდირიმის სიტყვას, მან ეს საკითხები მიმოიხილა:
“ინდიკატორი იმ პოტენციალისა, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს გაააჩნია, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. ჩვენ მოგვეცა საშუალება, დაგვეფუძნებინა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო. იმ შეთანხმებებით, რასაც დღეს მოეწერა ხელი, ერთი ნაბიჯით მაღალ საფეხურზე ავიდა ჩვენი ურთიერთობები. ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს არის საქართველოს ხალხის სოლიდარობის გამოხატულება თურქი ხალხისადმი იმ მოვლენების ფონზე, რაც ვიხილეთ,”-აღნიშნა ბინალი ილდირიმმა.

მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საინსვეტიციო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებს, დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს, აბრეშუმის გზის ისტორიულ პროექტს.

“თურქეთს და საქართველოს გააჩნიათ ისტორიული კავშირები, ჩვენ გავედით სტრატეგიული თანამშრომლობის დონეზე. ჩვენი ურთიერთობა ევროინტეგრაციის მიმართულებითაც საინტერესოა, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რასაც მივაღწიეთ ორმხრივი ურთიერთობებში. საქართველომ აღნიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი-ეს არის ქვეყნის ტრანფორმაციის პერიოდი. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დღეს ის განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების რიგებშია. ეს წინსვლა უკავშირდება ჩემს კოლეგას და მის გუნდს,”-განაცხადა თურქეთის პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტეროტორიული მთალიანობისადმი და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მიესალმება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი