ნეტგაზეთი | რატომ არ რთავენ თბილისში მიკროავტობუსების მძღოლები კონდიციონერებს რატომ არ რთავენ თბილისში მიკროავტობუსების მძღოლები კონდიციონერებს – Netgazeti
RU | GE  

რატომ არ რთავენ თბილისში მიკროავტობუსების მძღოლები კონდიციონერებს

თბილისის მერიამ 2016 წლის 18 ივლისს მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგი დაიწყო. კომპანია “თბილისის მიკროავტობუსების” თქმით, “ურჩი მძღოლების” მიმართ, ვინც კონდიციონერს არ ჩართავს, სანქციები გატარდება. მძღოლების ნაწილი კი ჩივის, რომ კონდიციონერის ჩართვა რისკებთან და დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელსაც მათ არავინ უნაზღაურებს.

#68 სამარშრუტო ტაქსის მძღოლის, ჯემალ ოსიპოვის სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყება. იგი სახლიდან სამგორში, კაიროს ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხში მიდის, სადაც თბილისის ტერიტორიაზე მოძრავი მიკროავტობუსები ჩერდებიან. სახლში კი, როგორც თვითონ ამბობს, საღამოს 9-10 საათისთვის ბრუნდება.

ჯემალ ოსიპოვი, რომელიც კვირაში 4-5 დღეს მუშაობს, მაინცდამაინც არ აღუფრთოვანებია მერიის სამსახურის მიერ კონდიცირების მონიტორინგის დაწყებას, – აქამდე კონდიციონერი განუწყვეტლად არ ჰქონდა ჩართული. ახლა კი ასე მოუწევს, რადგან კომპანიამ და მერიამ მძღოლების შემოწმება დაიწყეს.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მირიან ლებანიძის განმარტებით, მონიტორინგის ჯგუფებმა სამარშრუტო ტაქსების შემოწმება  18 ივლისიდან დაიწყეს. “მათი მოვალეობაა, გაეცნონ სიტუაციას, აღნუსხონ, სადაა კონდიციონერი ჩართული, სად არაა ჩართული, რა მიზეზით არაა ჩართული. მოაგროვონ ეს ინფორმაცია და შემდეგ სამარშრუტოების ნუსხა კომპანიას მიაწოდონ. კომპანია კი მიიღებს შესაბამის რეაგირებას. მძღოლებსა და კომპანიას შორის ურთიერთობაში ჩვენ არ ვერევით”, – გვიხსნის ლებანიძე.

ჯემალ ოსიპოვი იმ პრობლემებზე გვიამბობს, რის გამოც თავს იკავებდა კონდიციონერის ხშირად ჩართვისაგან:

-“კონდიციონერს რომ რთავ, ძრავა ვეღარ უძლებს, ცხელდება, ფუჭდება და მანქანა ფიზიკურად ვეღარ დადის. სწორ გზაზე კიდევ შეიძლება, რომ [კონდიციონერი] ჩაირთოს. აღმართზე კი შეუძლებელია. კარგი და ახალი მანქანა კი გაუძლებს, მაგრამ”…

ამას გარდა, მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსი, რომელშიც კონდიციონერიცაა ჩართული, ბევრ საწვავს წვავს. “გადახდას ვეღარ ვქაჩავთ. ზაფხულია, ხალხი აღარ არის, ნაკლებადაა მუშაობა”, – წუხს ჯემალ ოსიპოვი.

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნათია მიქიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მონიტორინგის ჯგუფები კომპანიაში უკვე 2 წელია არსებობს, ახლა კი მერიამ გამოთქვა სურვილი, კომპანიის მონიტორინგის სამსახურისთვის ადამიანების რაოდენობა დამატება, რათა შემოწმების პროცესი გაადვილებულიყო.

“დღესდღეობით თბილისში 2500 მიკროავტობუსი დადის. აქედან გამომდინარე, ძალიან ჭირს ყველა მათგანის გაკონტროლება. ამას გარდა, ავტობუსებში გამოკრულია საინფორმაციო ხაზის ნომერი. ჩვენ ყველა მოქალაქეს ვთხოვთ, როგორც კი მძღოლი გაუწევს მას წინააღმდეგობას და არ ჩართავს კონდიციონერს, შეგვატყობინოს”, – ამბობს ნათია მიქიაშვილი.

“თბილისის მიკროავტობუსების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, კომპანიამ ყველა მიკროავტობუსის მძღოლს დაუკლო შესაბამისი თანხა (დღიური გეგმა) იმის მიხედვით, თუ ვინ რა მარშრუტს გადის ყოველდღიურად. “გამოყვანილია შესაბამისი ციფრი და ინდივიდუალურად თითოეული სამარშრუტო ტაქსისათვის ეს თანხა დაკლებულია, რათა მიკროავტობუსის მძღოლს არ დააწვეს”, – ამბობენ კომპანიაში.

“ჩვენ 5 ლარი დაგვიკლეს და 51-ის ნაცვლად 46 ლარი უნდა ჩავაბაროთ. მაგრამ თუ აქამდე 30 ლიტრი ბენზინი მჭირდებოდა, გუშინ, მას შემდეგ, რაც კონდიციონერი რამდენჯერმე ჩავრთე, 37 დამჭირდა. დაკლებული თანხა საკმარისი არ არის. ჩვენ რომ ხელფასი გვქონდეს და ისინი თვითონ ასხამდნენ საწვავს – სხვა ამბავია. ჩვენი სახსრებით კეთდება ეს ყველაფერი. დღიური გეგმა კი ყოველდღე უნდა ჩავაბაროთ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მიკროავტობუსის მძღოლმა, ჯემალ ოსიპოვმა.

“მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ვალდებულებაში არ შედის მიკროავტობუსების მოვლა-პატრონობა, 200 000 ლარამდე დაჯდა მთლიან ავტოპარკში კონდიცირების სისტემების გამართვა. ყველა მიკროავტობუსში კონდიციონერი მუშაობს. თუ მძღოლი იტყვის სხვანაირად, ეს უბრალოდ სიცრუე იქნება”, – დასძენს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

ნუგზარ შონია #81 მიკროავტოუსს მართავს – ვაგზლის მოედნიდან “ბაგებამდე”. ის გვეუბნება, რომ სადგურის მოედნის მიმდებარე ტეროტორიაზე სამარშრუტო ტაქსების გაჩერებებს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მზიან ამინდში მათ უმრავლესობას “კაპოტი” ბოლომდე დახურული არა აქვთ. გაღებულია უკანა კარიც. “ეს მანქანები ადვილად ხურდება. კონდიციონერს რომ ვრთავ, მანქანა წყობიდან გამოჰყავს. წყალს ადუღებს. ხშირად დავდივართ ორი-სამი მგზავრით და ორ კაცს კონდიციონერს ხომ ვერ ჩავურთავ”? – წუხს ნუგზარ შონია.

მიკროავტობუსები სადგურის მოედანზე. 19.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მიკროავტობუსები სადგურის მოედანზე. 19.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ვისაც ცოტა მაინც ესმის ტექნიკა და ავტომობილის მოწყობილობა, ყველამ იცის, რომ კონდიციონერის ჩართვის დროს არ ხურდება ძრავა და არ ითიშება ავტომობილი. ელემენტარულია”, – ამბობს ნათია მიქიაშვილი, “თბილისის მიკროავტობუსების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.

22 წლის სანდრო, რომელსაც ერთ-ერთ მიკროავტობუსში ვესაუბრეთ, გვიყვება, რომ “მარშრუტკით” იშვიათად მგზავრობს. “მაგრამ დედაჩემი ხშირად სარგებლობს – ყოველდღე დადის სამსახურში და ამბობს, კონდიციონერი ხშირად გამორთულიაო, ცხელაო და ამიტომ მეტროთი არჩევს სიარულს”, – ამბობს იგი.

ვაკეში მიმავალ მიკროავტობუსში გავესაუბრეთ ია ვაშაკიძეს, რომელიც ბაგებისკენ მიემგზავრებოდა. “მე როცა აქ ვჯდები, კონდიციონერი ყოველთვის ჩართულია ხოლმე. აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე ავტობუსში. ვაკეში, სამწუხაროდ, მეტრო არ არის და ამიტომ ხშირად ვმგზავრობ მიკროატობუსით”, – გვითხრა მან.

“არის კატეგორია ხალხისა, რომელიც ჩხუბობს, რატომ არა გაქვს კონდიციონერი ჩართულიო. ზოგს ვეცოდებით, იციან, რა მდგომარეობაცაა. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ჩავრთო და გავგრილდე, – ზოგჯერ ისე ძალიან ცხელა ხოლმე, – მაგრამ ჩემი ხარჯია”, – ამბობს ჯემალ ოსიპოვი.

“ეს მათი პოზიციაა – მძღოლები მუდმივად თავს არიდებენ კონდიციონერის ჩართვას, რადგან ის დაკლებული თანხა არ აკმაყოფილებთ. ეს ხშირად არის სპეკულაციის თემა – პირობითად გეუბნებით, როგორ შეიძლება, მძღოლების პრობლემები მხოლოდ ზაფხულის პერიოდში იყოს აქტიური? ან როგორ შეიძლება, მძღოლების რაღაც პრობლემებით მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ინტერესდებოდნენ სხვადასხვა ძალები?”, – ამბობს მიქიაშვილი.

კომპანია იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ვალდებულება აქვს აღებული და ცდილობს, აბსოლუტურად ყველა მძღოლს შეუქმნას კარგი პირობები იმისათვის რომ მან კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილოს მგაზვრები”, – უთხრა მიქიაშვილმა “ნეტგაზეთს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com