ახალი ამბები

საქართველოსა და სლოვენიის პრეზიდენტების განცხადებები ერთობლივი პრესკონფერენციიდან

18 ივლისი, 2016 • 1243
საქართველოსა და სლოვენიის პრეზიდენტების განცხადებები ერთობლივი პრესკონფერენციიდან

საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ, ლიუბლიანაში, პრეზიდენტის სასახლეში პრესისათვის ერთობლივი  განცხადებები გააკეთეს. ინფორმაციას ამის თაობაზე პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის.

სლოვენიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა სავიზო ლიბერალიზაციის, ევროპული  და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორს მადლობა გადაუხადა ამ  მხარდაჭერისთვის.

,,ვიმედოვნებ, რომ ეს [ვიზალიბერალიზაცია] მოხდება, რაც შეიძლება ადრე. ის, რომ ეს არის გადაწყვეტილი საკითხი და უბრალოდ, პროცედურებია გასავლელი, ამის თაობაზე ჩვენ ევროკავშირის  არაერთი ლიდერისგან მოვისმინეთ.  იმედი მაქვს, რომ ეს  არჩევნებამდე  მოხდება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს, რომლებიც საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობას, რუსეთთან ურთიერთობას და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს შეეხებოდა.

როგორც სლოვენიის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, მას  სჯერა, რომ სლოვენიას, სხვა, საერთო ღირებულებების მქონე ერებთან ევროპის იმედი და ევროპის საბოლოო იდეა აერთიანებს.

,,დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მარტივი იქნება ფინანსურ კრიზისთან, მიგრაციასთან და უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა, თუ ევროპა იქნება უფრო დიდი, თუ მეტი ქვეყანა გაერთიანდება ევროპულ ოჯახში.

დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის კავშირი ყურადღებას მიაპყრობს  თქვენი ქვეყნის ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხს.

ვიმეორებ, უფრო დიდი ევროპა სწორედ ევროპის ინტერესებშია, ვიდრე შეკუმშული, უფრო მცირე ევროპა.

სწორედ ეს არის იდეა გაფართოებისა, მაგრამ  ევროპის კონსოლიდაცია  სწორად უნდა მოხდეს.

მე ეს პოზიცია მქონდა და ახლაც გამაჩნია.  ჩემი და ჩემი ქვეყნის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცალსახაა.

მე ვფიქრობ, რომ დროა ევროკავშირმა თქვას, თუ რა არის მკაფიო ამოცანა მისი გაფართოებისთვის. უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დაფიქსირდეს ამასთან დაკავშირებით.

არიან ქვეყნები, რომლებსაც სურდათ და სურთ ევროკავშირის წევრობა – თურქეთი, უკრაინა, საქართველო, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხეული შეუწყოს ამ ქვეყნების შემდგომ ინტეგრაციას.

მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება მათი სრული გაწევრიანების შესახებ  ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს.

ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად ევროკავშირის პერსპექტივებზე და იგივე შეიძლება ითქვას NATO-ზე, როდესაც სლოვენიამ ცალსახად განაცხადა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოსადმი. სლოვენია მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს, რა თქმა უნდა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამ პაკეტის – თანამშრომლობის პაკეტის განხორციელებაში.

სლოვენიას სურს, რომ ყველა ის გაყინული პრობლემა, გაყინული კონფლიქტები, თუ შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენო, ნაბიჯ-ნაბიჯ  გადაიჭრას.  ვფიქრობ, რომ ამის განხორციელება შესაძლებელია სწორედ დიალოგის გზით.

დიალოგის გარეშე ალბათ რთულია ვისაუბროთ ამ პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტაზე და სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ჟენევის ფორმატში არსებულ მოლაპარაკებებს, აგრეთვე,  საქართველოს პერსპექტივას
დაძლიოს არსებული გამოწვევები.

ვიცი, რომ არსებობს სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე და  ჩემი ქვეყანა  ყველა მიმართულებით მხარს დაუჭერს საქართველოს.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის პრინციპი, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, თუ როგორი უნდა იყოს მისი საგარეო პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო ვექტორები და ეს პრინციპი იყო და რჩება ამოსავალ წერტილად”, – განაცხადა სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ვარშავის სამიტზე დაფიქსირდა,  რომ საქართველო გახდებოდა უფრო დაცული და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კონკრეტული ფორმატები კონკრეტულ ქვეყნებთან განვითარდებოდა.

,,სლოვენია არის ერთ-ერთი ასეთი მაგალითი. ჩვენ მადლობელი ვართ იმ თანამშრომლობისათვის, რომელსაც ჩვენ ჩვენს სლოვენიელ კოლეგებთან ერთად გავაღრმავებთ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა რუსეთ – საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა,  რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას.

,,რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და ჩვენი პოლიტიკა ჩვენი მეზობლის მიმართ არის ძალიან ნათელი და მტკიცე და ის მდგომარეობს შემდეგში:

ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოკუპაციამ არავის არაფერი მოუტანა, მათ შორის არც რუსეთს, არც ოკუპირებულ რეგიონებს და საქართველოსთვის ეს არის კატასტროფული პრობლემა.

ჩვენ ველით იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები მზად იქნებიან რაციონალურად, მშვიდად, ყოველგვარი მტრის ხატის შექმნის გარეშე განიხილონ მეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან.

ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის. ამისთვის მზად უნდა იყვნენ რუსებიც.

როგორც კი საქართველოს ოკუპაციის საკითხი გადაწყდება, არ გვაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, უარყოფითი პრეტენზიები რუსეთის მიმართ, არამედ მზად ვართ ვიყოთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, რუსეთსაც ეს უნდა აწყობდეს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორი საქართველოში მოიწვია. სლოვენიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის მიწვევა მიიღო და უახლოეს ხანში საქართველოს ეწვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი