ახალი ამბები

ისტორიაში პირველად საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიის რესპუბლიკას ოფიციალურად ეწვევა

17 ივლისი, 2016 •
ისტორიაში პირველად საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიის რესპუბლიკას ოფიციალურად ეწვევა

18-19 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ლიუბლიანაში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

გიორგი მარგველაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, შეხვდება სლოვენიის პრემიერმინისტრს მირო ცერარს, ასევე, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს, ქალაქ ლიუბლიანის მერს ზორან იანკოვიჩს და ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს.

პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელიც საქართველოსა და სლოვენიის მთავრობებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთა ვიზების გამარტივებას ეხება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი