ახალი ამბები

ერდოღანი ობამას მოუწოდებს, დააკავოს ფეტულა გულენი

16 ივლისი, 2016 • 1834
ერდოღანი ობამას მოუწოდებს, დააკავოს ფეტულა გულენი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბულში შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მოუწოდა, დააკავოს ფეტულა გულენი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ბრალს სდებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მოწყობაში.

მისი განცხადებით, თუ შეერთებული შტატები ნამდვილად თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია, ამერიკის პრეზიდენტი დაეხმარება მათ პენსილვანიის შტატში გადასახლებული იმამის ექსტრადირებაში.

პრეზიდენტის განხადებით, აჯანყება სამხედრო ძალების მხოლოდ პატარა ნაწილში დაიგეგმა და არა ზოგადად თურქულ არმიაში. ერდოღანის განცხადებით, ამ დროისათვის 2,800-ზე მეტი სამხედრო პირია დაკავებული. ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლეს 2,700-მდე მოსამართლე და პროკურორი.

თავის მხრივ, თეთრი სახლი მოუწოდებს თურქეთის მთავრობას, იმოქმედოს კანონის ფარგლებში. ბარაკ ობამა მხარადაჭერას უცხადებს “თურქეთის დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობას”.

დღესვე, შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ფეტულა გულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით თურქული მხარისაგან მოთხოვნა არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი