ფოთის #7 საჯარო სკოლის დარაჯი ამბობს, რომ გაზეთ “ქართული ოცნების” კითხვას გადააყოლეს.
“აი, ასე, დავისაჯე გაზეთის კითხვისთვის”, – აცხადებს ზური თავართქილაძე.
სკოლის დარაჯი მომხდარს ასე იხსენებს:
“დილით, სკოლაში რომ მივდიოდი, კართან დამხვდა გაზეთი ჩამოდებული. ვიფიქრე, სკოლაში წამეღო და იქ წამეკითხა. იქ როგორ გაიგეს, ან ვინ მნახა, არ ვიცი. რამდენიმე ხანში მანდატურების უფროსი მოვიდა და ახსნა-განმარტება დამაწერინეს, რომ მე თითქოს პროპაგანდა –აგიტაციას ვეწეოდი. როგორც მითხრეს, განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაურეკავთ ამის შესახებ. დირექტორს უთხრეს, რომ გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. დირექტორთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მას სხვა გზა არ ჰქონდა.”
ფოთის #7 საჯარო სკოლის დირექტორი ჭაბუკი ქოიავა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მართლაც ჰქონდა ადგილი მანდატურებსა და თავართქილაძეს შორის გაზეთთან დაკავშირებულ ინციდენტს:
“მე არ ვიყავი სკოლაში იმ პერიოდში, ეს მოხდა დღის მეორე ნახევარში, მაგრამ, რომ მივედი სკოლაში, დამხვდა მანდატურის სამსახური, რაღაც გაზეთი ეჭირათ და თავისთავად მათ დაწერეს ოქმი. მგონი, პოლიტიკური გაზეთის შემოტანა უწერია ოქმში, თვითონ ოქმი მე არ მინახავს. მე არ მინახავს, რომ ის ავრცელებდა გაზეთს და არც ამის ინფორმაცია მაქვს, რომ ავრცელებდა.”
ქოიავას თქმით, სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად ზური თავართქილაძემ მიიღო, რადგან მას ადრეც ჰქონდა ადმინისტრაციისგან შენიშვნა მიღებული:
“ერთი სამჯერ არ დაგვხვდა სამსახურში და ამის გამო შენიშვნა ჰქონდა მიღებული. შენიშვნა მისცეს, გაზეთი უნახეს და კიდევ შემდგომშიც რომ არ ჰქონოდა პრობლემები, გამომდინარე აქედან, ალბათ, თვითონაც ისურვა, რომ წასულიყო და, შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა,” – აცხადებს სკოლის დირექტორი.
“რომ ვიჩივლო, სად ვიჩივლო, ამ ქვეყანაში სასამართლო პროცესს დარაჯის განთავისუფლებაზე კი არა, ვერაფერზე ვერ მოიგებ. ჩვენ რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მესმის, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალს ვერ ვიპოვი”, – ამბოს ზური თავართქილაძე.
იგი ფოთის #7 საჯარო სკოლაში 20 წლის მანძილზე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: იყო სამნეო ნაწილის გამგე და ხელოვნების მასწავლებელიც.
“2010 წელს ადგილობრივ არჩევნებში კენჭს ვიყრიდი “ეროვნული საბჭოდან”, მაშინ ხელოვნებას ვასწავლიდი, ამის მერე კი დარაჯამდე ჩამომაქვეითეს, ახლა კი საერთოდ გამათავისუფლეს,” – ამბობს თავართქილაძე.