პეტრას ციხის გასხვისების შესახებ განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2011 წლის 21 დეკემბერს გამოსცა. განკარგულების თანახმად, პეტრას ციხე და მასზე მიმაგრებული 32 179 კვ/მ მიწის ნაკვეთი შპს Gorgian Invest Intenational company-ს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა.
ამ განკარგულების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია, 2012 წლის 15 ივლისამდე აღადგინოს ციხის ჩრდილოეთ კედელი, მოაწყოს მისასვლელი ბილიკები, გამაგრება-რეაბილიტაცია ჩაუტაროს ძეგლის დაზიანებულ ნაწილებს, უზრუნველყოს ტერიტორიის სრული განათება თანამედროვე სისტემით, მოაწყოს პარკინგი და სალარო გაყიდვის ჯიხური. მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე კი ციხის ტერიტორიაზე უნდა ააშენოს მუზეუმი და კვების ობიექტი.
„გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, უნდა განახორციელოს არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია. ძეგლზე და მის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები უნდა წარიმართოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, დამტკიცებული პროექტის ფარგლებში,“ – წერია განკარგულებაში.
შპს Gorgian Invest Intenational company 2011 წლის 1 სექტემბერს არის რეგისტრირებული და მისი დირექტორი და ასპროცენტიანი წილის მფლობელი გიორგი ქვრივიშვილია.
ვინ არის პეტრას ციხის ახალი მფლობელი? – ამ კითხვით „ბათუმელებმა” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც მიმართა. სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი კალანდაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ინვესტორის ვინაობას ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს:
„ხელშეკრულება ძეგლის მომავალ მეპატრონესთან ოფიციალურად ჯერ გაფორმებული არ არის, ამიტომ ვინაობას ვერ გაგიმხელთ. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ანუ ხელშეკრულების პირობების დაზუსტება“.
ყოფილი მმართველის, არქეოლოგ ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მუზეუმ-ნაკრძალის გასხვისება დაუშვებელი იყო:
„დღემდე ვიცოდით, რომ მუზეუმ-ნაკრძალი აჭარის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო და მინისტრთან, გია აბულაძესთან უკვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომ გაზაფხულისთვის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაგვეწყო. ნაკრძალი ბოლომდე შესწავლილი არ არის. როგორც ვიცით, იქ არის ერთნავიანი და სამნავიანი ბაზილიკა, რომლის შესწავლა არ დასრულებულა. მე-6 საუკუნის აბანოს ნაშთებია და არც მისი კონსერვაციაა გაკეთებული. განკარგულებაში წერია, რომ ბილიკები უნდა გაკეთდეს, ეს ამ ეტაპზე არ შეიძლება, რადგან ბილიკებს როცა გააკეთებ, მერე გათხრებს ვეღარ აწარმოებ. თანაც, ნაკრძალიდან მიწაა გასატანი, რაც 60-იანი წლების გათხრებიდან დაგროვდა“.
ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, პეტრას ციხის არქეოლოგიური შესწავლა პერმანენტულად მიმდინარეობდა: „87 წელში მიმდინარეობდა, 1991-1992 წლებში მე ვაწარმოებდი გათხრებს პეტრას ციხის ციტადელზე და ორი ოქროს მონეტაც მაქვს ნაპოვნი, იქ მე-6 საუკუნის მოზაიკა აღმოჩნდა, რომლის კონსერვაცია არ მომხდარა. ბოლოს, როგორც ვიცი, 2005 წელს იყო გათხრები, როცა 300-მდე ანტიკური ხანის სამარხი იქნა აღმოჩენილი“.
პეტრა იყო ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ეგრისის სამეფოში. ციხის ნანგრევები ახლაც არის შემორჩენილი ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში. 1989 წელს ჩამოყალიბდა პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი.