ახალი ამბები

ქალაქი საზოგადოებრივი საჰაერო ტრანსპორტით [Video]

28 თებერვალი, 2012 •
ქალაქი საზოგადოებრივი საჰაერო ტრანსპორტით [Video]

საქართველოს ერთადერთ ქალაქში, სადაც საბაგირო გზა მთავარი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, სამგზავრო კაბინების უმრავლესობა თითქმის 50 წელია არ გამოცვლილა. ჭიათურის 20 ათასამდე მცხოვრებსა და ”ჭიათურმანგანუმის” ასობით მუშას ყოველდღიურად 17 საბაგირო გზა ემსახურება.

 

ნატო ბუხრაშვილი ჭიათურის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელად მუშაობს. უკვე 50 წელზე მეტია, რაც ნაგუთის დასახლებიდან ჭიათურის ცენტრში საბაგირო გზით დადის. ჭიათურის ცენტრიდან ნაგუთამდე ერთი კილომეტრი სიგრძის საბაგირო გზაა გაჭიმული, რომლის გავლას სამგზავრო კაბინა 6-7 წუთს ანდომებს. ერთ ჯერზე მგზავრობა ოცამდე ადამიანს შეუძლია, მგზავრობის ღირებულება კი 20 თეთრია. ნაგუთის ბაგირგზა მუშაობას დილის 8 საათზე იწყებს და საღამოს 8-ზე ამთავრებს.

 

”პუნქტუალურია, იცი, რა დროს წავა, რა დროს მოვა, გარდა ამისა იაფია. მიკროავტობუსით მგზავრობა 40 თეთრი ღირს და 20 თეთრიც ჩვენთვის საქმეა,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” ნატო ბუხრაშვილმა. მას საბაგირო გზა უსაფრთხო ტრანსპორტად მიაჩნია და ამას იმით ასაბუთებს, რომ ვერ იხსენებს, არსებობის მანძილზე ჭიათურაში საბაგირო გზაზე თუ მომხდარა ავარია, რომელსაც მსხვერპლი მოჰყოლია. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ბაგირგზაზე ბაგირი დაეშვა, რის გამოც ადამიანები კაბინაში, ჰაერში 8 საათის მანძილზე იყვნენ დაკიდული.

 

ამის შემდეგ ქალაქის ცენტრში ძველი კაბინები ახლით შეცვალეს, თუმცა კაბინების უმრავლესობა 50 წლის მაინც იქნება. ბაგირგზით მგზავრობა ფასიანი მხოლოდ ჭიათურის ცენტრშია. ქალაქის შემოგარენსა და სოფლებს შორის დამაკავშირებელ გზებზე მგზავრობა უფასოა. ჭიათურის 2012 წლის ბიუჯეტში საბაგირო გზებისთვის სუბსიდია – 140 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

ქალაქის შემოგარენში ბაგირგზა მოსახლეობისთვის ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. ის ერთმანეთთან ხეობის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, სოფლებსა და მანგანუმის მომპოვებელ სამრეწველო უბნებს აკავშირებს. მათი დიდი ნაწილი მუშაობას დილით, 07:30 საათზე, იწყებს და შუაღამის 01:00 საათზე ასრულებს.

 

შორენა ბაკურაძე უკვე 7 წელია ითხვისის საბაგირო გზის მემანქანეა. ის რამდენიმე ათეული წლის წინ აგებული მორყეული შენობის პატარა ოთახიდან აკონტროლებს საბაგირო გზაზე სამგზავრო კაბინის სიჩქარეს. ითხვისში საბაგიროს გამცილებელი არ დაჰყვება. კაბინა ძველია, ჟანგისგან ფსკერზე გაჩენილი ნახვრეტებიგან კი თავისუფლად შეიძლება მდინარე ყვირილას ხეობის დანახვა. აქ ბაგირგზას მაღაროს მუშები და სოფელ ითხვისის მცხოვრებნი გზიდან დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლეზე აჰყავს.

 

”სხვა ტრანსპორტი აქ არ დადის. როცა შუქი ითიშება, ეს ბოლო დროს უკვე იშვიათობაა, მაგრამ ამ დროს ხალხი ფეხით ან საკუთარი მანქანით დადის. ძირითადად, მუშებსა და ავარიონისა და ითხვისის მოსახლეობას ვემსახურებით,” – ამბობს მემანქანე შორენა ბაკურაძე. მისი თქმით, მიუხედავად სიძველისა, ბაგირგზა უსაფრთხოა და  ყოველ დილით მოწმდება, ხარვეზის პოვნის შემთხვევაში კი მას სასწრაფოდ აკეთებენ.

 

”რაც დაიწყო მუშაობა, ამით ვსარგებლობთ, უკვე 35-40 წელი იქნება. როცა უშუქობა იყო, მაშინ იყო გაჩერებული, თორემ ისე სულ მუშაობს. როცა შუქი არაა, დავდივართ ფეხით და ძალიან გვიჭირს, რადგან რამდენიმე კილომეტრის გავლა გვიწევს. გარდა ამისა, აქ მანგანუმის გამამდიდრებელი ქარხნებია და სულ მოსპო გზა,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” ჭიათურელმა როზა მეგრელიშვილმა.

 

სოფელ ითხვისში კიდევ ერთი, ჰორიზონტალური საბაგიროა, რომელიც ერთმანეთთან ხეობის სხვადასხვა მხარეს არსებულ უბნებს აკავშირებს. განგა ცუცქირიძე ამ საბაგირო გზაზე ერთ-ერთი მემანქანეა და უკვე 35 წელია ამ საქმეს აკეთებს. საბაგირო გზას ისიც ძველი ფიცრულიდან აკონტროლებს. აშენების დღიდან აქ ბევრი არაფერი შეცვლილა.

 

მემანქანე ამბობს, რომ სამგზავო კაბინები მას შემდეგ არ შეუცვლიათ, რაც თვითონ დაიწყო აქ მუშაობა.

 

”სანამ გავთხოვდებოდი და აქ ჩამოვიდოდი, მანამდე ნახევრად ღია კაბინები ყოფილა. მე არ მახსოვს, მაგრამ ჩემი ქმარი იხსენებს ხოლმე. ეს საბაგირო 1954 თუ 1955 წელს ააშენეს, ზუსტად არ ვიცი. რამდენიმე წლის წინ ერთი უკრაინელი წყვილი იყო ჩამოსული, ისე მოეწონათ აქაურობა, რომ მეტი არ შეიძლება. სულ სურათებს უღებდნენ საბაგიროს. ამბობდნენ, რომ ამდენი საბაგირო გზა ერთ ქალაქში არასდროს უნახავთ,” – იხსენებს განგა ცუცქირიძე. მისი თქმით, სამგზავრო კაბინა 3 ბაგირს გადაჰყავს, რომელთაგან ერთი მთავარია, ორი კი – დამხმარე. დამხმარე ბაგირები ყოველწლიურად იცვლება, მთავარი კი რამდნიმე წელია არ შეცვლილა. მემანქანის თქმით, მთავარ ბაგირს რამდენიმე წელი არ სჭირდება გამოცვლა. სხვა საბაგიროების მსგავსად, ითხვისის საბაგირო გზასაც ყოველდღიურად ამოწმებენ. განგა ცუცქირიძის თქმით, ბაგირგზების თანამშრომლებს უსაფრთხოებაში გამოცდები რეგულარულად უტარდებათ და ამ მხრივ საბაგირო გზები დაცულია.

 

”ყველაფერი მოძველებულია, მაგრამ როგორც შეგვიძლია, ისე ვამუშავებთ,” – ამბობს მემანქანე.

 

ჭიათურა ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. საბჭოთა კავშირის მასშტაბით ის იყო პირველი ქალაქი, სადაც საბაგირო გზა გაიხსნა. ჭიათურაში საბაგირო გზა პირველად 1954 წელს ააგო ინჟინერმა გიორგი ფანცულაიამ.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი