“ეს იყო ცივილური გაყრა ევროპული პროლოგით და აზიური ეპილოგით, ” – ასე შეაფასა დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკური პარტიის” მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” დატოვება.
ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საუბრისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების წევრები რესპუბლიკელებს ვერ იტანენ” :
“ევროპულ პროლოგში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ძალიან ხმამაღლა გამოვაცხადეთ პარტიებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ეს იყო ევროპული გადაწყვეტილება, რომ პარტიებს თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა. შემდეგ ორივე პარტიაში გაჩნდა კითხვები, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა, დაბოლოს, იქამდე მივედით, რომ პარტიებს ერთად ყოფნა აღარ შეეძლოთ. “ოცნებიდან” “რესპუბლიკელების” ვერ ატანა ახალი ამბავი არ არის, ამ ხუთი წლის განმავლობაში ეს პროცესი იყო ძალიან მწვავე, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს რჩებოდა [გუნდს] შიგნით, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი და ყველა პრემიერი მის შემდეგ, დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი ურთიერთობა სასარგებლო იყო ქვეყნისთვისაც, ჩვენთვისაც და მათთვისაც,”- განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ მომავალში ერთპარტიული მმართველობა სურს:
“აზიური ეპილოგი იმ კონტექსტში ვახსენე, რომ ევროპა ეს არის ინსტიტუტების ასპარეზი, სადაც პერსონები ახერხებენ კანონებში საკუთარი ვნებების, სურვილების მოქცევას, პარტიები ურთიერთობენ, გუნდური თამაშია. აზია ჩვენ უფრო გვახასიათებს, მომწონს – არ მომწონს, შენ მომწონხარ – ის არ მომწონს, მოდი, ვიმეგობროთ და ასე წავიყვანოთ ქვეყანა წინ. უფრო ამან იმძლავრა იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” სრულიად აშკარად განაცხადა, რომ მას სურს ერთპარტიული მმართველობა მომავალში. ”








