ახალი ამბები

სალომე ჩარკვიანმა ციხე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა

16 ივლისი, 2016 • 1227
სალომე ჩარკვიანმა ციხე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა

პროკურატურამ “ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულ სალომე ჩარკვიანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა – მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეეცვალა და საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით სალომე ჩარკვიანმა განცხადებით პროკურატურას 15 ივლისს მიმართა.

ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს:

“განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი გარემოებები. კერძოდ:  სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გარემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. პროკურატურის მიერ ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა  მათთან  გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს  თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი. ზემოხსენებული შუამდგომლობით ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს,”- საუბარია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარმა პროკურატურამ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, ,,ცენტრ პოინტი აჭარის“ დირექტორებს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს ბრალი 10 ივლისს წაუყენა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით, ჯგუფურად, სხვისი ქონების გაფლანგვას ედავება. ჯამური თანხა 21 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი პროკურტურამ 10 ივლისს დააკავა. გუკა რჩეულიშვილზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა.

12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი 1 სექტემბერს დაინიშნა.

პროკურატურა ოთხივე ბრალდებულს  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი