პეტრას ციხე აჭარაში გასხვისებულია. ინფორმაცია გაზეთ ”ბათუმელებს” პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ირაკლი ჩავლელიშვილმა მიაწოდა.
პეტრას ციხის გასხვისებასთან დაკავშირებით ამჟამად ინფორმაციული ვაკუუმია. ინფორმაცია ირაკლი ჩავლელიშვილმა თავისი თანამშრომელი ბუღალტრისგან მოიპოვა. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პეტრას ციხის 3200 კვ. მ. ფართობი 49-წლიანი იჯარის ვადით, პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცა უკრაინის მოქალაქეს, რომლის სახელი და გვარი, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება. ახალმა მფლობელმა 500 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს პეტრას ციხეში. პეტრას ციხე გასხვისებულია აჭარის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
პეტრას ციხეს ისტორიული ძეგლის სტატუსი ჰქონდა. პეტრა იყო ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში-ეგრისის სამეფოში. ციხის ნანგრევები ახლაც არის შემორჩენილი ქობულეთი რაიონის სოფელ ციხისძირში.
მოსახერხებელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო მეექვსე საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის ინიციატივით, აქ ქალაქი აშენდა, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედგად ნაპოვნი მასალა გაცილებით ადრეულ პერიოდსაც განეკუთვნება. შუა საუკუნეებში პეტრას ’ქაჯეთის ციხესაც’ უწოდებდნენ.
1989 წელს ჩამოყალიბდა პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის დირექტორადაც ირაკლი ჩავლელიშვილი დაინიშნა.