ახალი ამბები

საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

15 ივლისი, 2016 • 1414
საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო, რასაც 84 ადამიანი ესმხვერპლა, საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესის” ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელმაც 14 ივლისს სატვირთო ავტომობილითა და ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ნიცაში შეკრებილ ადამიანებს, 31 წლის ფრანგულ-ტუნისური წარმოშობის მამაკაცია.

14 ივლისს, ადგილობრივი დროით საღამოს 11:00 საათზე, ნიცის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები საფრანგეთის ნაციონალურ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღიშნავდნენ. სწორედ ხალხით სავსე ქუჩაში მაღალი სიჩქარით გაიარა სატვირთო ავტომობილმა. მოწმეების განცხადებით, თავდამსხმელი ცდილობდა, რომ სატვირთო “ზიგზაგებით” ემართა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეშავებინა. გარდიანის ინფორმაციით, მშობლებმა “ისტერიულად გადაყარეს ბავშვები ღობეებიდან”, რათა სატვირთო მანქანისაგან გადაერჩინათ.

სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ხალხმრავალ გზაზე 2კმ-ის გავლა მოასწრო, სანამ პოლიცია მოკლავდა. იმ პოლიციელის განცხადებით, რომელმაც სატვირთოს მძღოლი მოკლა, თავმდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ხალხის მიმართულებით.

AFP-ის ცნობით, პოლიციამ სატვირთო მანქანაში საბუთები იპოვა. ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელის სახელი, თუმცა AFP-ის ცნობით, სხვა წყაროები ამბობენ, რომ პოლიციისათვის ის ცნობილი იყო სხვა, უფრო მცირე მასშტაბის დანაშაულებისათვის, თუმცა, “გარდიანის” ცნობით, არა ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობის გამო.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი, ამბობს, რომ “ტერორიზმი არის საფრთხე, რომელიც მძიმედ აწვება საფრანგეთს”. მისი განცხადებით, ტერორისტების მიზანი შიშისა და პანიკის დათესვაა. “მაგრამ საფრანგეთი დიდი ქვეყანა და დიდი დემოკრატია და არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას”.

ნიცის მერის, კრისტიან ესტროსის, თქმით, ნიცაში სატვირთო ავტომობილით თავდასხმის შედეგად 10 მცირეწლოვანი ბავშვია დაღუპული. ნიცაში სატვირთო ავტომობილის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, “ბიბისის” ინფორმაციით, 84-ს მიაღწია. საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში 18 ადამიანია, დაშავებულაი 50 ადამიანი.

ბიბისის ცნობით, კონტრტერორიზმსი სპეციალისტი მარგარეტ გილმორი “გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტიდან” ამბობს, რომ თავდასხმას ყველა ნიშანი აქვს, რათა ვიფიქროთ, რომ ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) ორგანიზებულია. თუმცა, ასევე ამბობს, რომ შესაძლებელია, თავდამსხმელი უბრალოდ იზიარებდა ISIS-ის იდეოლოგიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი