ახალი ამბები

150 დეპუტატის PR 33 თანამშრომლითა და პარლამენტარზე მაღალშემოსავლიანი უფროსით

15 ივლისი, 2016 • 1573
150 დეპუტატის PR 33 თანამშრომლითა და პარლამენტარზე მაღალშემოსავლიანი უფროსით

2015 წელს საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბერაძემ  პარლამენტის ზოგიერთ დეპუტატზე გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღო.

მაგალითად, ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2015 წელს გაწეული საპარლამენტო საქმიანობისთვის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ 50 280 ლარი მიიღო შემოსავლის სახით, მარიამ საჯაიამ – 47 825 ლარი,  ლექსო თამაზაშვილმა – 38 100 ლარი, გოგი ქავთარაძემ – 36 000 ლარი, ვალერი გელაშვილმა -44 388 ლარი. პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის, ნინო ბერაძის 2015 წლის შემოსავალმა კი 55 110 ლარი შედგინა. მათ შორის, პარლამენტის აპარატის ცნობით, თანამდებობრივი სარგო იყო – 23 520 ლარი, დანამატი – 24 240 ლარი და პრემია -7 350 ლარი.

 

პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის აპარატის მთავარ საჯარო თანამდებობებზე გასამრჯელო შემდეგნაირად ნაწილდება:

შრომითი გასამრჯელო აპარატის მთავარ თანამდებობებზე

სწორედ ამ წესზე მიუთითებს ნინო ბერაძე და ამბობს, რომ ის შემოსავალს დადგენილი წესით იღებს:

“ეს ამ თანამდებობისთვის პარლამენტის სტრუქტურაში განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო არის. ჩვენი ხელფასი სარგოსა და დანამატისგან შედგება. ეს დადგენილი წესია და მეც ამის მიხედვით ვიღებ”.

კითხვას, თქვენი აზრით სამართლიანია თუ არა დეპუტატზე მაღალი შემოსავლის მიღება დეპარტამენტის უფროსისთვის, ბერაძე პასუხობს:

“მე ვერ ვისაუბრებ. მე ამ კითხვის სწორი ადრესატი არ ვარ, მე არ განვსაზღვრავ თანამდებობრივ სარგოებს პარლამენტის აპარატში,”- ამბობს ბერაძე.

პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტში მუშაობს 33 საჯარო მოსამსახურე [შტატიანი და შტატგარეშე], მათ შორის 1 დეპარტამენტის უფროსი, 4 განყოფილების უფროსი, 1 მთავარი სპეციალისტი, 21 წამყვანი სპეციალისტი, 4 უფროსი სპეციალისტი, 1 სპეციალისტი და 1 შტატგარეშე მოსამსახურე. პარლამენტმა “ნეტგაზეთს” დეპარტამენტის სხვა თანამშრომლების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ მიწოდა:

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ის წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს,”  – წერია პარლამენტიდან გამოგზავნილ წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი