ნეტგაზეთი | მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ნიცაში მომხდარ ტერაქტს გმობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ნიცაში მომხდარ ტერაქტს გმობს – Netgazeti

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ნიცაში მომხდარ ტერაქტს გმობს

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი წუხელ ნიცაში განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლიდერები მომხდარს გმობენ და საფრანგეთს უსამძიმრებენ.

“შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა. წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამინების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას. ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს – ბასტილიის დღეს. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე. მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

“სიტყვები ვერ გადმოსცემს იმას, თუ რა გვაკავშირებს  ჩვენს ფრანგ მეგობრებთან ამ მტკივნეულ საათებში. ეს საშინელი თავდასხმა საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე მოხდა, რომელიც გლოვის დღედ გადაიქცა”, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.

 

“აღშფოთებული ვარ ნიცაში განხორციელებული შემზარავი თავდასხმის გამო, რომელმაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა მსხვერპლებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა”, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი კეც ანი: “ჩვენ ძლიერად ვგმობთ ტერორიზმის ყველა ფორმას. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველანაირი ტერორიზმის წინააღმდეგ.”

“შოკირებული და დამწუხრებული ვარ ნიცაში მომხდარის და ადამიანების სიცოცხლის ასე საშინლად დაკარგვის გამო”, – ამბობს გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი ბორის ჯონსონი.

“ამერიკელი ხალხის სახელით მე ვგმობ ნიცაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც ათობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ჩვენი ფიქრები და ლოცვები გარდაცვლილების ახლობლებთან და ოჯახის წევრებთანაა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ძალიან ბევრ დაშავებულს”, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და საფრანგეთს მომხდარის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს.

ნიცაში სატვირთო ავტომობილის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, “ბიბისის” ინფორმაციით, 84-ს მიაღწია. საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში 18 ადამიანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com