ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თამაზ ურთმელიძე მოსამართლედ არ დანიშნა

14 ივლისი, 2016 • 2211
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თამაზ ურთმელიძე მოსამართლედ არ დანიშნა

ურთმელიძეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში არსებულ ვაკანსიაზე ჰქონდა შეტანილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 10 ადგილია ვაკანტური, ამ ვაკანსიების დაკავების მსურველი კი მოსამართლეობის 62 კანდიდატი იყო.

10-ივე ვაკანსია ისე შეივსო, რომ ურთმელიძემ ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა. როგორც ხმის მიცემის დროს გაირკვა, ურთმელიძეს საბჭოს მხოლოდ 4 წევრი უჭერდა მხარს. მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მინიმუმ 10 წევრის ხმა არის საჭირო.

დღეს, 14 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის 125 კანდიდატს უყრის კენჭს, სასამართლოების სისტემაში კი ვაკანტური 65 ადგილია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან  საპროტესტო აქცია გამართეს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა. ისინი თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილის, ჯემალ კოპალიანიანის, მამია ფხაკაძის, გიორგი ჩემიას და თამაზ ურთმელიძის მოსამართლეებად დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე მოსამართლის თანამდებობაზე ცაგერის რაიონულ სასამართლოში 2006 წელს დაინიშნა, 2010 წლიდან კი მივლინებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი