ახალი ამბები

მერაბ გაბინაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში დაინიშნა მოსამართლედ

14 ივლისი, 2016 • 1893
მერაბ გაბინაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში დაინიშნა მოსამართლედ

მერაბ განიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 12 ხმით დანიშნეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლედ. მისმა კონკურენტმა ეკა გაბრიჩიძემ მხოლოდ ერთი ხმა მიიღო. თავად გაბინაშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მერაბ გაბინაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მისი დანიშვნის შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა.

“არ იყო შედეგი ჩემთვის მოულოდნელი იმიტომ, რომ ძალიან ობიექტურად ვაფასებ ჩემს წარსულ საქმიანობას,”- განაცხადა გაბინაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს:

“მოდით, ობიექტურად ვთქვათ, რომ ამ პროცესის უფრო გამჭვირვალობა ძნელი წარმოსადგენია. დღევანდელი დღეც ადასტურებს ამას. ღია კენჭისყრას კანონი არ ითვალისწინებს. თუ გაითვალისწინებს, რომ იყოს ღია კენჭისყრა, კენჭისყრა ჩატარდება ღიად. თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ ისეთი მაღალი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება, როგორიც არის მოსამართლოს დანიშვნა, მაინც უნდა ხდებოდეს ფარული კენჭისყრით, იმიტომ, რომ კანონშიც ასე არის გათვალისწინებული,”- განაცხადა გაბინაშვილმა.

მოსამართლის დასანიშნად საბჭოს მინიმუმ 10 წევრის ხმა არის საჭირო. საბჭო კანონით არ არის ვალდებული, დაასაბუთოს, რატომ დანიშნა ან არ დანიშნა ესა თუ ის მოსამართლე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ეთანხმება მერაბ გაბინაშვილის მისამართლედ დანიშვნას და მისთვის ხმის მიცემა სურდა:

“მერაბ გაბინაშვილს აკლდა ჩემი ხმა. მაგრამ მე განზრახ არ დამიკლია ხმა, ანუ ის იყო ჩემს პოზიტიურ მოსამართლეთა სიაში, უბრალოდ, ერთ-ერთზე ბატონ მერაბს ვუჭერდი მხარს, მეორეზე -სხვა კანდიდატს და, უბრალოდ, არ დაემთხვა ეს ჩემი ხმა ჩემი კოლეგების ხმას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ მქონდა წინასწარ გავლილი კონსულტაცია და შეთანხმება კოლეგებთან და შემთხვევითი აცდენა მოხდა. ბატონ მერაბ გაბინაშვილზე, როგორც ღირსეულ პიროვნებაზე, მე პირადად მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. ვთვლი, რომ ის არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულება,” – განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

გაბინაშვილმა 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 1992-2000 წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლად. 2005-06 წლებში – ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლად.

2006 წლიდან არის მოსამართლე, ჯერ მუშაობდა გორის სასამართლოში, შემდეგ ქუთაისის და ზესტაფონის საქალაქო სასამართლოებში. 2012 წლის ნოემბრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე;

2013 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე #10 სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

დღეს, 14 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის 125 კანდიდატს უყრის კენჭს, სასამართლოების სისტემაში კი ვაკანტური 65 ადგილია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ ადვოკატთა ასოციაციის წევრები. ისინი თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილის, ჯემალ კოპალიანიანის, მამია ფხაკაძის, გიორგი ჩემიას და თამაზ ურთმელიძის მოსამართლეებად დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი