ახალი ამბები

იოჰანეს ჰანი რუსთავი2-ის საქმეზე: მნიშვნელოვანია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემა

14 ივლისი, 2016 • 1291
იოჰანეს ჰანი რუსთავი2-ის საქმეზე: მნიშვნელოვანია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემა

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა 14 ივლისს, ბათუმში კონფერენციის გახსნის შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე რუსთავი2-ის საქმის შესახებ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

“როგორც ვიცი, სასამართლო ამჟამად მიმდინარეობს და გადაწყვეტილებაც სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ზოგადად, კარგად ვიცი, რომ არჩევნები ძალიან რთული დროა ქვეყნებისათვის, თუმცა მნიშნველოვანია, რომ ამ არჩევნებმა ჩაიაროს გამჭვირვალედ, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ეს ითვალისწინებს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემას”, – განაცხადა ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დღეს, 14 ივლისს, ბათუმში იმყოფება კონფერენციაზე – “საქართველოს ევროპული გზა”. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის, თქმით, კონფერენციაზე 100-ზე მეტი სტუმარია ჩამოსული უცხოეთიდან – პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

იოჰანეს ჰანის თქმით, დემოკრატიაში ყოველთვის არსებობს კონკურენცია, თუმცა კონკურენცია უნდა არსებობდეს კონცეფციებსა და ხედვებს შორის. “კონკურენცია არ უნდა გადაიზარდოს, ასე ვთქვათ, პიროვნულ დაპირისპირებაში”, – აცხადებს ევროკომისარი.

იოჰანეს ჰანმა ჟურნალისტებთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზეც გააკეთა კომენტარი:

“მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ოქტომბრის დასაწყისში უკვე დასრულებული უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უფრო ადრე მოხერხდეს… საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის მისაღებად იყო საჭირო, ახლა კი ევროკავშირზეა დამოკიდებული, – მან პირობა უნდა შეასრულოს”, – უთხრა ევროკომისარმა ბათუმში კონფერენციის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი