ახალი ამბები

სირიაში დაბომბვის შედეგად 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა

12 ივლისი, 2016 • 2316
სირიაში დაბომბვის შედეგად 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა

სირიაში დაბომბვის შედეგად 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა – საფრანგეთის მოქალაქე,  ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.

ICK-ის ცნობით, ქავთაროვი წლების განმავლობაში პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, 2003 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჯერ გროზნოში, შემდეგ კი ევროპაში წავიდა. რუსლან ქავთაროვი სირიაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.

როგორც “ნეტგაზეთს” პანკისიდან აცნობეს, რუსლან ქავთაროვის (ქავთარაშვილის) მეუღლე და სამი შვილი საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობენ; პანკისში მას ახასიათებენ, როგორც “განათლებულ ადამიანს, რომელიც რამდენიმე ენას ფლობდა”; რუსლან ქავთაროვს პანკისის ხეობაში ნათესავები ჰყავს და იქ სირიაში გამგზავრებამდეც იმყოფებოდა, სამი თვის წინ კი სოფელ დუისში ქავთაროვის პაპის სახლი დაწვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ რუსლან ქავთაროვი საფრანგეთის მოქალაქეა, ამიტომ ისინი ვერ დაადასტურებენ, ნამდვილად დაიღუპა თუ არა იგი. “თუმცა ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” სუს-ში.

11 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა – პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 26 წლის ბექხან (ბექა) ტოხოსაშვილი. სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურში ადასტურებენ ტოხოსაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას.

სუს-მა “ნეტგაზეთს” 11 ივლისსვე დაუდასტურა, რომ ივნისის ბოლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე: პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები ომარ მარგოშვილი და სოფელ დუმასტურში მცხოვრები ასლანბეგ ბორჩაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი