ნეტგაზეთი | კაკაჩია: რესპუბლიკელები ტოტს არ ჭრიან, რადგან თუ ბარიერს გადალახავენ, ისევ ოცნებასთან ითანამშრომლებენ კაკაჩია: რესპუბლიკელები ტოტს არ ჭრიან, რადგან თუ ბარიერს გადალახავენ, ისევ ოცნებასთან ითანამშრომლებენ – Netgazeti
RU | GE  

კაკაჩია: რესპუბლიკელები ტოტს არ ჭრიან, რადგან თუ ბარიერს გადალახავენ, ისევ ოცნებასთან ითანამშრომლებენ

რესპუბლიკური პარტიის წევრმა ორმა მინისტრმა მთვრობის შემადგენლობა დატოვა და პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. რესპუბლიკელები ახალი სახელით “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლას დამოუკიდებლად აგრძელებენ, თუმცა კითხვაზე, დაუპირისპირდებიან თუ არა ისინი არჩევნებში “ქართულ ოცნებას”, პასუხს თავს არიდებენ. “ქართული ოცნების” რიგებს შუერთდა პარტიის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი გიგლა აგულაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა.

რესპუბლიკელების გადაწყვეტილებასა და მათ სამომავალო გეგმებზე ნეტგაზეთი პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა დატოვეს თანამდებობები და ჩაერთნენ პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში. თუმცა ხათუნა სამნიძე მაინც არ პასუხობს კითხვას, დაუპირისპირდება თუ არა რესპუბლიკური პარტია “ქართულ ოცნებას” და თავად ივანიშვილს. რატომ არიდენებენ ისინი ამაზე საუბარს თავს? რამდენად შეძლებს კამპანიის წარმართვას ამ ფორმატით? რატომ იღებს რესპუბლიკური პარტია არჩევნებში კოალიციისაგან დამოუკიდებლად მონაწილეობას, თუ მაინც აგრძელებენ პარტიები თანამშრომლობას?

რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ პარტიას შორის სიახლოვე ყოველთვის იყო პიროვნულ დონეზე, ამიტომ რადიკალური გახლეჩა და დაპირისპირება არ ხდება. მაგალითისათვის შეიძლება ავიღოთ თავად დავით უსუფაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ახლო ურთიერთობა. მათ შორის განსხვავებები ყოველთვის იყო, მაგრამ ჯერ პოზიტიური განწყობებიც შემორჩა. ჯერ არ არის დაპირისპირების დრო.

მეორე მიზეზი არის ალბათ ის, რომ რესპუბლიკელებს ჯერ არ აქვთ ზუსტად წარმოდგენილი, ვინ არის მათი ამომრჩეველი, რომელი სეგმენტი. სავარაუდოდ, ისინი ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩებელთა რაღაც ნაწილი მათი მხარდამჭერიცაა, ამიტომ არ უნდათ, რომ ეს ნაწილი, რომელიც ამ დრომდე “ქართული ოცნების” ორბიტაზეა, გაანაწყენონ. თუ ისინი კონფრონტაციულ ტონს აირჩევენ, ამ ნაწილს გაიუცხოებენ, ბუნებრივია. ამომრჩევლის მოძებნა კი ისედაც რთულია. დღეს კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ისინი ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას. თუმცა, რამდენად შეძლებენ, ამას უკვე მხოლოდ არჩევნები თუ გვაჩვენებს.

თუმცა ვთვლი, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომელმაც არ იცის, ვის უჭერს მხარს, სწორედ იმას აღნიშნავს, რომ მათ არ აკმაყოფილებთ ეს ძველი ნარატივი და ეძებენ ახალ ძალებს. სწორედ ახლაა საჭირო, რომ პარტიები გაემიჯნონ ძველს და წარმოაჩინონ რაიმე ახალი.

კიდევ ერთი მიზეზი არსებობს – თუ რესპუბლიკელებმა გადალახეს ბარიერი, ისინი ალბათ არ გამორიცხავენ ისევ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას, ამიტომ ყველა ტოტს არ ჭრიან, რომელზეც სხედან. განსაკუთრებით ივანიშვილთან არ სურთ ურთიერთობის გაფუჭება, თავად პარტია “ქართულ ოცნებაზე” და მის წევრებზე ალბათ ნალებ დარდობენ.

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ კოალიცია მზად არ აღმოჩნდა ევროპული სისტემისათვის და ზაქარეიშვილის თქმით, პრემიერმა მოითხოვა წინასაარჩევნოდ ყველას ჰქონოდა გამოკვეთილო პარტიული კუთვნილება. რატომ ვერ შეძლებდა “ქართული ოცნება” ამ სისტემით არჩევნების ჩატარებას? ასევე რესპუბლიკელები ამბობენ, რომ პარტიის ამ გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ გუშინ გაიგეს, რატომ გაიწელა პროცესი ამდენ ხანს?

ეს, მე მგონია, ქართულ ოცნებას ნაკლებად აწუხებდა და თავად რესპუბლიკელებს აგდებდა გაუგებარ მდგომარეობაში. ცოტა უცნაურია, როდესაც ხარ მმართველ გუნდში და ამასთანავე აწარმოებ საარჩევნო კამპანიას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. დამოუკიდებლად გამოდიხარ არჩევნებში იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, მმართველ პარტიას არ ეთანხმები, ხომ? და თუ არ ეთანხმები, რატომ რჩები სამთავრობო გუნდში? მგონია, რომ ადრეც შეიძლებოდა გადადგომა. ახლა კი, როცა უკვე საარჩევნო კამპანია იწყება და ამ პარტიის [რესპუბლიკელების] გამოკვეთილი ლიდერები არიან ყოფილი მინისტრები, უფრო რთული იქნებოდა. ეს ამომრჩეველსაც უფრო დააბნევდა.

ვფიქრობ, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს მდგომარეობა, ეს სისტემა ვერ შენარჩუნდებოდა. შეიძლება ელოდებოდნენ ვარშავის სამიტის ჩამთავრებას. ვინც იყვნენ რესპუბლიკელებისაგან ხელისუფლებაში, განსაკუთრებით ხიდაშელი (თუმცა ზაქარეიშვილი არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურა), პარტიის ლიდერია, ამიტომ პაექრობის რეჟიმში პოსტზე ვერ დარჩებოდა. ეს რაღაც დროს უნდა დამთავრებულიყო. მნიშვნელობა არ აქვს, ამას ვინ იტყოდა, პრემიერ-მინისტრი თუ სხვა. პრემიერმა ახლა ალბათ, უბრალოდ, კალთები არ ჩამოაგლიჯათ დარჩენის თხოვნით და დარწმუნდნენ, რომ წასვლის დრო იყო.

და როგორ შეაფასებდით გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით?

ეს თავად მისი გადასაწყვეტი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არც კარგ პარტიულ დისციპლინაზე მიუთითებს. შეიძლება პიროვნულად თავად აგულაშვილი დიდი დანაკარგი არ იყოს პარტიისათვის, თუმცა ამომრჩევლის თვალში არ არის მისასალმებელი. პარტიას, რომელსაც აქვს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია და მას ტოვებს გავლენიანი პირი, ეს არც ერთ შემთხვევაში არ მიუთითებს კარგზე.

დავით ბერძენიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში საარჩევნო კამპანიის ლიდერი იქნება და ის არ მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება? 

თუ გადავხედავთ რესპუბლიკური პარტიის ისტორიას, მათი ძირითადი ძალა ყოველთვის აჭარას უკავშირდებოდა, ძმებ ბერძენიშვილებს და მათ საქმიანობას. მათ ყოველთვის ჰქონდათ აჭარაში ძლიერი ფლანგი. აქედან გამომდინარე მათი ცნობადობის ხარისხიც იქ მაღალია. თვითონ [დავით ბერძენიშვილს], სავარაუდოდ, არ ემეტება საკუთარი თავი რეგიონალური პოლიტიკისათვის და საპარლამენტო შემადგენლობაში ყოფნა ურჩევნია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პარტიას სჭირდება ამ ეტაპზე, მათ მიმართეს ამ ტაქტიკას.

გამომდინარე იქიდან, რომ აჭარაში “ქართულ ოცნების” მიერ შერჩეული კადრები აღმოჩდნენ ძალიან სუსტები და მთელი რეგიონი პარტიისათვის არის სუსტი წერტილი. ამას მეტოქე პარტიები ცნობენ და ყველა ფიქრობს, რომ იქ ზურგი გაიმაგრონ. სამომავალოდ იქმნიან უფრო მყარ გარემოს. ბერძენიშვილის ავტორიტეტი კი, როგორც აღვნიშნე, აჭარაში საკმაოდ მაღალია.

რას ელის რესპუბლიკური პარტია საპარლამეტო არჩევნებისაგან? როგორი სტრატეგია იქნება მათთვის ყველაზე მომგებიანი?

რესპუბლიკური პარტია არის ზღვართან – ან გადალახავს ბარიერს, ან ვერა. ყველაფერი დამოკიდებულია მათ წინასაარჩევნო კამპანიაზე. რამდენად შეძლებენ ისინი გაემიჯნონ სხვა პარტიებს, განსაკუთებით “ქართულ ოცნებას”, ამომრჩევლის თვალში. ან იმავე “თავისუფალ დემოკრატებს, რომლებიც იდეოლოგიურად საკმაოდ ახლოს არიან მათთან. ანდაც პაატა ბურჭულაძის პარტიას, რომელიც ასევე მათ ფლანგზე მოიაზრებს თავს. ისინი ყველა ერთი სახის ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობენ და კონკურნცია არის ძალიან მაღალი. შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათ მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად კარგად იქნებიან მომზადებული რეგიონალური ორგანზიაციები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი