ახალი ამბები

აგულაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა

12 ივლისი, 2016 • 1332
აგულაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა

გიგლა აგულაშვილის განცხადებით, “რესპუბლიკური პარტიიდან” წამოსვლის გადაწყვეტილების მიღება უმტკივნეულო არ იყო. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამოძრავებდა:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო რესპუბლიკური პარტია და დავრჩე გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან ის უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში,”- განაცხადა აგულაშვილმა.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ აგულაშვილმა შეცდომა დაუშვა. გიგლა აგულაშვილი ასეთი “რბილი შეფასებისთვის” ყოფილ თანაგუნდელებს მადლობას უხდის:

“მესმის ჩემი მეგობრების, მადლობას გადავუხდიდი ასეთი რბილი შეფასებისთვის. მათ შეეძლოთ უფრო მკაცრი შეფასებებიც გამოეყენებინათ იმისათვის, რაც მოხდა. არის საკითხები, რომელზეც სხვადასხვა გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ განსხვავებული მიდგომები აღმოგვაჩნდა”.

მინისტრის განმარტებით, ის “ქართულ ოცნებაში გაწევრიანდება”:

“მე არ ვაპირებ აქტიურად საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. საქმიანობას აღმასრლებელ ხელისუფლებაში გავაგრძელებ.  არც სურვილი მაქვს და არც შემოუთავაზებიათ მაჟორიტარ კანდიდატად დასახელება, ან საარჩევნო სიაში ჩაწერა. პარტიული ნიშნით ჩემი საქმიანობა შეიძლება იყოს მხოლოდ შიდაპარტიულ ფორმატში.  გიორგი კვირიკაშვილი არის პარტიის თავმჯდოამრე და სეთავაზება გულისხმობდა როგორც ხელისუფლებაში დარჩენას, ისე პარტიაში გაწევრიანებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი