აფიშაახალი ამბები

BLACK SEA ARENA კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება

11 ივლისი, 2016 • 2213
BLACK SEA ARENA კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება

საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფმა ააშენა 200 მილიონიანი ინვესტიციით და სახელმწიფოს გადასცა, 30 ივლისს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება. ჯამში, 9500-მდე ბილეთი 12 ივლისის 09:00 საათიდან ონლაინ, tkt.ge-ზე გაიყიდება. ბილეთის ფასი 50 ლარიდან დაიწყება.

BLACK SEA ARENA-ს  საორგანიზატორო ჯგუფის ინფორმაციით, მომღერალი საქართველოში კონცერტამდე 5 დღით ადრე ჩამოვა და სპეციალურად გახსნის ცერემონიისათვის შოუს დადგამს.

დამატებით ინფორმაცია ყველა ღონისძიების შესახებ, რომელიც ზაფხულის სეზონისთვის “არენაზე” იგეგმება, უახლოეს მომავალში გავრცელდება.

Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დღეს ფონდ “ქართუს” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა, საკონცერტო დარბაზის დირექტორმა დიმიტრი ბარიძემ და კულტურის მინისტრის მოადგილემ კახა კანდელაკმა უპასუხეს.

დარბაზი 10 000 ადამიანზეა გათვლილი. სივრცე ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს – ერთ მათგანში განთავსებულია კინოთეატრის დარბაზები, სწრაფი კვების ობიექტები, შეხვედრის ოთახები, სამედიცინო პუნქტი და ვიპდარბაზები, ხოლო მეორეში- ადმინისტრაციული ნაწილი, საგრიმიოროები, ტექნიკური ოთახები და კაფეტერია.

ამფითეატრის ტიპის ღია დარბაზს მოძრავი მნათობი კედლები და მოძრავი სახურავი აქვს. სივრცე გათვლილია არა მხოლოდ მუსიკალური ღობისძიებებისათვის, არამედ სპორტული, თეატრალური და საცირკო წარმოდგენებისათვისაც.

საქართველოს მთავრობასა და ფონდ “ქართუს” შორის საკონცერტო დარბაზის ჩუქების შესახებ ხელშეკრულება 10 ივლისს ოფიციალურად გაფორმდა. ჩხეტიანის განცხადებით, დარბაზიდან მიღებული შემოსავალი სრულად შევა სახელმწიფოს ბიუჯეტში. სეზონზე დაგეგმილი ღონისძიებების სერიასაც ასევე ფონდი აფინანსებს.

დარბაზის დირექტორის, დიმიტრი ბერიძის თქმით, Black Sea Arena შეძლებს საკუთარი ხარჯების დაფარვას ღონისძიებებიდან შემოსული თანხით და მას სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი მატერიალური დახმარება არ დასჭირდება. “არენა” ჰყავს ოფიციალური პარტნიორები და სპონსპორებიც. მათ შორის კომპანია SMG, რომელიც 230 საზოგადო ობიექტს მართავს სხვადასხვა ქვეყანაში.

“ჯერ ზუსტად დათვლილი ხარჯი არ არის. ამ დრომდე ტერიტორია მუშაობდა სამშენებლო რეჟიმში და ხარჯიც განსხავებული იყო. რაიმე კონკრეტულ ციფრებზე საუბარი ახლა შეუძლებელია. მაგრამ სწორი მენეჯმენტის საფუძველზე არენა თავად შეინახავს თავის თავს,” – აცხადებს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

საკონცერტო დარბაზის აღჭურვილობაში ასევე შედის ძვირადღირებული აპარატურა. დიმიტრი ბერიძის განცხადებით, ასევე იგეგმება ამ აპარატურის გაქირავება, რაც დამატებით შემოსავალ მოუტანს დარბაზს.

“ჩვენ ვგეგმავთ ასევე აპარატურის გაქირავებას. არენა მზად იქნება ყოველთვის, რომ ადგილობრივ თუ უცხოელ პრომოუტერებს გაუწიოს სხვადასხვა სახის მომსახურება, კონსულტაცია, ” – აცხადებს ბერიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი