ახალი ამბები

დატბორილი სავარგულები და წაღებული ხიდები – დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ითვლიან

10 ივლისი, 2016 • 1987
დატბორილი სავარგულები და წაღებული ხიდები – დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ითვლიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. მათ მუშაობას დღეს ადგილზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გაეცნო. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით მარტვილის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა. სტიქიის შედეგებს ებრძვიან ქობულეთის რაიონის სოფლებშიც. არასრული მონაცემებით, მარტო ივნისში სტიქიის გამო აჭარაში ზარალი მილიონ ლარზე მეტია.

“რეგიონში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სავარაუდოდ ზარალიც დიდი იქნება. მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაახლოებით 2 ათას ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული მთლიანად წყლით იყო დაფარული. ამ ეტაპზე წყლის დონემ დაიწია და 600 ჰა-მდე დატბორილი ფართობია დარჩენილი. სამელიორაციო ტექნიკა აქტიურად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს ფართობების დრენირება და ზარალის დამთვლელმა კომისიამ შეძლოს ზარალის შეფასება. მას შემდეგ, რაც კომისია დაასრულებს მუშაობას და დასკვნას მოგვაწვდის, გადაწყდება, თუ რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება,” – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში – აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, საკარმიდამო ფართობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 2 ათას ჰა-მდე მიწა წყლით დაიფარა. ფოტო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 2 ათას ჰა-მდე მიწა წყლით დაიფარა. ფოტო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მთავრობის ადმნისტრაციის ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში ასევე ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიაა იმერეთშიც, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ნიაღვარმა პრომეთეს მღვიმის ცენტრალური შესასვლელი ჩახერგა. მღვიმეში დღეს მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმყოფებოდა.

“შემოტანილი ღორღითა და ქვიშით დაიფარა ტურისტული ბილიკი და დაზიანდა ბილიკის მოაჯირი. დასაშვებ ნორმას გადააჭარბა წყლის დონემ მღვიმის პრომეთეს დარბაზში. გვიან ღამით ავარიულად გაითიშა მღვიმის განათებაც. ავარიულად გათიშული ელექტროენერგიის გამო ამ დრომდე შესვლა ვერ ხერხდება პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთზე. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მღვიმეში აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყეს. ამ ეტაპზე პრომეთეს მღვიმეში ტურისტებს შეუფერხებით შეუძლიათ გადაადგილება,” – აცხადებენ სამინისტროში.

მეწყრული პროცესების შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანდა შიდა სასოფლო გზები. გამგეობამ გეოლოგების მოთხოვნის საფუძველზე საცხოვრებელი სახლიდან ხუთი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი