ახალი ამბები

NATO-ს გენერალური მდივანი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა

9 ივლისი, 2016 •
NATO-ს გენერალური მდივანი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა. ამის შესახებ განცხადება მან ვარშავის სამიტის ფარგელებში გამართული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან უპასუხა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რამდენად ახლოს არის ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო NATO-ს წევრობასთან.

„ჩვენ ვაღიარეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველო აღწევს წევრობის გზაზე. ასევე, ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ NATO-საქართველოს ერთობლივი კომისიის განცხადებაში, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე მტკიცე გზავნილით გამოვდივართ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოვახდინეთ არსებით პაკეტში სხვადასხვა ელემენტების იმპლემენტაცია და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების აღმოჩნას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ, წავახალისოთ NATO-ს მოკავშირეები, რომ  უზრუნველყონ საქართველოსთვის ორმხრივი მხარდაჭერა. მე ვაპირებ, ვეწვიო საქართველოს შემოდგომაზე, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად და ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი საქართველოსთვის ნატოს ძლიერი მხარდაჭერისა, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და რეფორმების გატარებისადმი წევრობის გზაზე,“ – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი