ახალი ამბები

გუგავა: არჩევნების მოულედნელობის ეფექტით ხელისუფლება ძალაუფლებას მიითვისებს

16 თებერვალი, 2012 • • 1157
გუგავა: არჩევნების მოულედნელობის ეფექტით ხელისუფლება ძალაუფლებას მიითვისებს

“ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” განცხადებაში ხელისუფლების კვალს ხედავს და აღნიშნავს, რომ არჩევნების მაისში ჩატარებით (მოულედნელობის ეფექტით) ხელისუფლება ეცდება ძალაუფლების მითვისებას.  

“ეს ხელისუფლების მიერ შემოგდებული ხრიკია. ამ მანიპულაციებით ისინი აპირებენ ძალაუფლების მითვისებას. მოულოდნელობის ეფექტს, რომელიც არავინ არ იცის, მეორედ მოსვლასავით როდის იქნება, იყენებს ყოველთვის ხელისუფლება იმისათვის, რათა საკუთარი მავნე ზრახვები განახორციელოს. რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად უნდა იყოს პოლიტიკური პარტია არჩევნებისათვის, მაგრამ, ბუნებრივია, ეს მოულოდნელობა უკვე აპრიორი წაგებულ მდგომარეობაში გაყენებს პოლიტიკურ პარტიას,” – აღნიშნავს გუგავა და აქვე დასძენს, რომ “ჯერ ე.წ “ვარდების რევოლუციის” გადატრიალების შემდეგ არც ერთი არჩევნები თავის ვადაში არ ჩატარებულა.”  

გუგავა ამ ორგანიზაციას ხელისუფლების ზრახვების გამტარებლად მიიჩნევს.

“ეს ორგანიზაცია დაფუძნებულია ამერიკული ორგანიზაცია IRI-ის მიერ და მისი მთავარი  დონორი სწორედ IRI და USAID–ია. აქედან გამომდინარე,  ბუნებრივია, მათი გადაწყვეტილება სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით დღევანდელ ხელისუფლებასთან და ამერიკელ პირებთან იქნებოდა შეთანხმებული, როდესაც ამ საკითხს განიხილავდნენ. მეორე არის ის, რომ სამართლებრივად აბსოლუტურად შეუსაბამოა, ვერ შეიტანს და ვერ განიხილავს ამ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო და მესამე– გამოსჭვივის ხელისუფლების სურვილიდან, მოულოდნელობის ეფექტით ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გუგავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი