სტოლტენბერგი: ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, გააძლიეროს სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ევროპაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, გააძლიეროს სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ნაწილში.

“ეს იქნება ოთხი ბატალიონი აქ, პოლონეთში, ასევე, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში როტაციის პრინციპით. ეს ბატალიონები იქნება საიმედი და მულტინაციონალური. ისინი მოახდენენ ტრანსატლანტიკური კავშირის ძალის დემონსტრირებას. ეს იქნება ნათელი ილუსტრაცია იმისა, რომ თუკი ვინმე დაესხმება თავს ალიანსის რომელიმე წევრს, ეს ჩაითვლება მთელ ალიანსზე თავდასხმად,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, კანადა იქნება ძირითადი ქვეყანა, რომელიც განალაგებს სამხედროებს ლატვიაში, გერმანია – ლიტვაში, გაერთიანებული სამეფო – ესტონეთში და აშშ – პოლონეთში.

“ნატო არ არის რომელიმე ქვეყნისთვის. ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი. ჩვენ არ გვინდა ახალი სამხედრო დაპირისპირება და არ ვეძებთ კონფრონტაციას,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება ნატოს სამიტი ვარშავაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი