ახალი ამბები

ლალიაშვილი: არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს

16 თებერვალი, 2012 • • 1526
ლალიაშვილი: არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს

“ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობისა” და საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნიკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში, ანუ ოქტომბერში, უნდა ჩატარდეს.

“არჩევნების ჩატარებისთვის განკუთვნილი, კონსტიტუციურად დადგენილი ვადა არის ოქტომბერი, თუ სხვა მოსაზრებები არსებობს, იურიდიულად შესაძლებელია განხილული იქნას, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ არჩევნების ვადა უნდა იყოს 2012 წლის ოქტომბერი,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლალიაშვილმა.

რაც შეეხება, რამდენად მზად იქნება პარტია არჩევნების მაისში ჩატარების შემთხვევაში, ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა” მზად არის არჩევნებისთვის.

“დღესაც რომ ჩატარდეს, ჩვენ პრაქტიკულად სრული მზადყოფნა გვაქვს. არანაირად პოლიტიკურად ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ჩვენს პარტიას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, მე მგონია, რომ იურიდიულად უფრო სწორია, თუ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლალიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებას მოითხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ დევდარიანის თქმით, ამ მოთხოვნით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, თუმცა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ არ შესულა.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, თუმცა მიხეილ დევდარიანს მიაჩნია, რომ ამით კონსტიტუციით დადგენილი ვადები ირღვევა, კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში, მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის.

“ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” ხელმძღვანელის თქმით, მისმა ორგანიზაციამ ვადების დაზუსტების მოთხოვნით რამდენჯერმე პარლამენტსაც მიმართა, თუმცა მხოლოდ ზეპირი ფორმით, სიტყვიერად, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ამჟამად კი კანონიერი ვადების დადგენას ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში შეეცდება.

“ჩვენ ვასაჩივრებთ ხელისუფლების თვითნებურ გადაწყვეტილებას, რომლითაც გაიხანგრძლივეს ვადა”, – აცხადებს დევდარიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი