ახალი ამბები

რატიანი: სააკაშვილს აქვს სამუშაო იდეები და დღეში ხუთი იდეა შეიძლება ჰქონდეს

8 ივლისი, 2016 • 1315
რატიანი:  სააკაშვილს აქვს სამუშაო იდეები და დღეში ხუთი იდეა შეიძლება ჰქონდეს

“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი აცხადებს, რომ პარტიის ყრილობის გასამართად დიდგორის ველზე უფრო ადეკვატური ლოკაცია ქალაქი თბილისია. სერგო რატიანის თქმით, დიდგორის ველზე ყრილობის გამართვის საკითხის შესახებ პარტიაში არ უმსჯელიათ:

“მიხეილ სააკაშვილს აქვს სამუშაო იდეები და დღეში ხუთი იდეა შეიძლება ჰქონდეს. პარტიის ყრილობის დიდგორის ველზე გამართვა შესაძლოა ერთ-ერთი სამუშაო იდეა იყო, რომელიც ახალგაზრდებთან თქვა. აღმასრულებელი მდივანი ვარ და ჩემთვის ეს იდეა არ უთქვამს და პარტიის სხდომაზე არ განხილულა. ჩემთვის უფრო მომხიბლავია და უფრო ადეკვატური მგონია ყრილობის თბილისში გამართვა. ზუსტად რა და როგორ იქნება, ამას მოგვიანებით გეტყვით. ეს ერთ-ერთი სამუშაო იდეა იყო,”- აღნიშნავს რატიანი.

საპირისპიროს ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი მინაშვილი. 1 ივლისს მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დიდგორის ველზე პარტიული ყრილობის ჩატარების ვარიანტს პარტია ნამდვილად განიხილავს.

30 ივნისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა დიდგორის ველზე ჩატარდეს. ამის შესახებ სააკაშვილი ოდესაში ენმ-ის წევრებთან შეხვედრისას საუბრობს. აღნიშნულის ვიდეოჩანაწერს “თავისუფალი ზონა” ავრცელებს. სააკაშვილის განცხადებით, ყრილობა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი