ნეტგაზეთი | სააკაშვილი ენმ-ის წევრებს: ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენი ყრილობა დიდგორის ველზე გავმართოთ სააკაშვილი ენმ-ის წევრებს: ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენი ყრილობა დიდგორის ველზე გავმართოთ – Netgazeti
RU | GE  

სააკაშვილი ენმ-ის წევრებს: ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენი ყრილობა დიდგორის ველზე გავმართოთ

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა დიდგორის ველზე ჩატარდეს. ამის შესახებ სააკაშვილი ოდესაში ენმ-ის წევრებთან შეხვედრისას საუბრობს. აღნიშნულის ვიდეოჩანაწერს “თავისუფალი ზონა” ავრცელებს. სააკაშვილის განცხადებით, ყრილობა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ჩატარდება.

“ჩვენ ახლა ვართ ძალიან მაგარ ფორმაში, მაგრამ ეს არის ფორმის დასაწყისი. ყრილობისთვის ვიქნებით [უფრო] ძალიან მაგარ ფორმაში. საბოლოო ღონისძიება იქნება არჩევენაბამდე რამდენიმე დღით ადრე რომელიმე სტადიონზე და იქ სულ სუპერფორმაში ვიქნებით. ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენი ყრილობა დიდგორის ველზე გავმართოთ და არა ტრადიციულ დარბაზში. იქ ძალიან კარგი აურა არის იმიტომ, რომ ეს [სავარაუდოდ, არჩევნები] არის საქართველოს დიდგორი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. საერთოდ მოჭრილი გვაქვს უკან დასახევი გზა. მეორე მხარეს არის ძალა, რომელიც ყველა სიბინძურზე წამსვლელია, ხოლო აქეთ მხარეს არის ხალხი, რომელიც თავის ქვეყნისთვის თავის გაწირვისთვის არის მზად. ბინძური თავგანწირულზე ვერასოდეს გაიმარჯვებს”, – აცხადებს სააკაშვილი.

იგი სკეპტიკურად უყურებს მთავრობის დაკომპლექტებისათვის პარლამენტში კოალიციის შექმნის აუცილებლობის პროგნოზს.

“ამ არჩევნებს ან ივანიშვილი მოიგებს, ან ნაციონალური მოძრაობა. ივანიშილს უკვე წაგებული აქვს. არანაირი მესამე ხმა, მეორე ხმა, პირველი ხმა, მეორე ხალი, არ იმუშვებს. იქნება ორი ძალა”, – აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ არჩევნებს ენმ მოიგებს.

“ჩვენ არა მხოლოდ გაგრძელებას ვაპირებთ იმისა, რაც შევქმენით, არამედ ასევე უნდა დავამტკიცოთ და დავანახოთ ყველას, რომ შევიცვალეთ. ჩვენ შევიცავლეთ უკეთესობისაკენ. შემდეგში, როცა ვინმე გეტყვით 9 წელზე, სახეში გაუცინეთ იმიტომ, რომ მე ძალიან ვამაყობ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული, სამწუახროდ, არა 9 წლით, არამედ 8 წლით და ცოტა მეტით. ნეტავ ყოფილიყო 9, 10 და 12 წელი.

… ჩვენ ამ არჩევნებს ეჭვგარეშე მოვიგებთ. საჭიროა აქტიური ქმედებები, ხალხთან ურთიერთობა და პოზიტიური პროგრამა”, – ამბობს სააკაშვილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com