ახალი ამბები

მურუსიძის პასუხი პრეზიდენტს: აჩვენონ საზოგადოებას, როგორია მოსამართლის მაღალი სტანდარტი

8 ივლისი, 2016 • 1657
მურუსიძის პასუხი პრეზიდენტს: აჩვენონ საზოგადოებას, როგორია მოსამართლის მაღალი სტანდარტი

იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე აკრიტიკებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, ანა დოლიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ არსებობს საფრთხე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის მანტიისთვის შეუფერებელი კანდიდატები დანიშნოს.

ეს განცხადება ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“თუ სურთ იმ კანდიდატებმაც შემოიტანონ გასაუბრებაზე, კრიტერიუმებს, რომელიც აკმაყოფილებს, ვთქვათ, მოსამართლის და ტელევიზიები დაესწარით. თუ სურვილი იქნება, საზოგადოება დაესწროს და ღიად გასცეს შეკითხვებს პასუხი და აჩვენონ საზოგადოებას, რა არის ის მაღალი სტანდარტი და როგორი უნდა იყოს მოსამართლე, რომელიც დააკმაყოფილებს იმას, რომ ღირსი იყოს მანტიის ჩაცმის. როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ზოგადად ისაუბრო, რომ ისეთი ხალხი გავლენ, რომ ისეთი ადამიანები გახდებან მოსამართლეები, რომლებიც ღირსი არ არიან მანტიის ჩაცმის. ვინ ადგენს ამას, ვინ არის ღირსი და ვინ არა. არის დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შეიტანონ კანონში ცვლილება და დაავალდებულონ პრეზიდენტს, რომ დააკომპლექტოს სასამართლო, მაშინ პრეზიდენტი იქნება პასუხისმგებელი,”- ამბობს ლევან მურუსიძე.

იუსტიციის უმათლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის კონკურსი მიმდინარეობს, რის შედეგადაც 65 მოსამართლე უნდა დაინიშნოს. მოსამართლების კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი უკვე დასრულდა, თუმცა საბჭოს კენჭისყრის დღე ჯერ არ დაუნიშნავს. თითოეული მოსამართლის დასანიშნად საბჭოს 10 წევრის ხმა არის საჭირო.

მიმდინარე კონკურსის მონაწილეთა შორის არის რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი.

საბჭოს წევრების კენჭისყრის პროცესი ფარულია. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,  საბჭოს წევრებს არ აქვთ ვალდებულება დაასაბუთონ, თუ რატომ დაუჭირეს, ან არ დაუჭირეს მხარი ამა თუ იმ მოსამართლის დანიშვნას.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ 7 ივლისს გამართულ ბირიფინგზე განაცხადა, რომ არსებობს საშიშროება, მიმდინარე კონკურსის შედეგად სასამართლო დაკომპლექტდეს მოსამართლის მანტიასთან შეუსაბამო კანდიდატებით. პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტს, რომ რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბონ და მიიღონ მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი